ირაკლი ბერაია – „მნიშვნელოვანია, რომ სადამკვირვებლო მისიას ოკუპირებულ რეგიონებში ჰქონდეს წვდომა და ამისთვის აუცილებელია რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა”
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი და დანიშნულება შეაფასა და აღნიშნა, რომ მისია საერთაშორისო თანამეგობრობას ადგილიდან აწვდის ინფორმაციას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებაზე.
„იმ მანდატიდან, ფუნქციიდან და პრიორიტეტიდან გამომდინარე, რაც სადამკვირვებლო მისიას აკისრია, დიდია ევროკავშირის როლი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში. ეს არის ერთადერთი სანდო, საერთაშორისო თანამეგობრობის მანდატით აღჭურვილი, ადგილზე მუდმივად წარმოდგენილი თვალი და ყური ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ვინც დეტალურ ინფორმაციას აწვდის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და მიმდებარედ უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობას. მისიას ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს, მათ შორისაა საკომუნიკაციო ფუნქცია და მისიის ცხელი ხაზი, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ინციდენტების დარეგულირებაში და აღმოფხვრაში.
მისიის მანდატით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობა იმ ამოცანების შესასრულებლად, რასაც დეოკუპაცია და კომფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და ცეცხლის შეწყვეტის შესრულება გულისხმობს, ძალიან მნიშვნელოვანია. მისიის საქმიანობა დაკავშირებულია რისკებსა და საფრთხეებთან და გვახსოვს შემთხვევები, როდესაც საოკუპაციო ძალების მხრიდან მისიის წარმომადგენლების დაკავებაც მომხდარა, რაც ოკუპაციის მძიმე შედეგებსა და მის თანმდევ პროცესებს კიდევ ერთხელ ადასტურებს. აუცილებელია მისიას წვდომა ჰქონდეს ოკუპირებულ რეგიონებში, რაც გათვალისწინებულია მისიის მანდატით და ამისთვის აუცილებელია რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას გამოვხატავთ ევროკავშირისა და მისი მისიის მიმართ”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, ელჩს მარეკ შჩიგელს ევროპასთან ინტეგრაციისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.