“სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან”, – ასე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში გამოცემა “ბილდში” მის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას.
ელჩის განცხადებაში, რომელიც გერმანიის საელჩოს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ქნირში, სტატიის მიუხედავად, განაგრძობს მუშაობას პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.
“ერთ-ერთმა გერმანულმა ონლაინ მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა სტატია ჩემს საქმიანობაზე საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ჩვენს ურთიერთობაზე, ასევე, იმ საქმიანობაზე, რომელსაც ჩემი მეუღლე ეწევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისა და პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის განმუხტვისთვის.
რაც შეეხება ჩემს მეუღლე ევა მარიას, მე ნამდვილად ვამაყობ მისი ინტენსიური და პროფესიონალური საქმიანობით, რომელიც მოიცავს ქართველი სტუდენტების განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, ისევე, როგორც ვამაყობ მისი სამოქალაქო და საზოგადოებრივი აქტიურობით”, – აცხადებს ელჩი.
ცნობისთვის, გერმანულმა გამოცემა BILD-მა საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ქნირში „მიიჩნევა პროსამთავრობო პოზიციების მქონე დიპლომატად.