რუსთავის მოსახლეობას დღეს წყალმომარაგება შეუწყდება

რუსთავის მოსახლეობას დღეს, 11:00 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება. როგორც “კვირას“ კომპანია “რუსთავის წყლიდან” აცნობეს, კომპანია “რუსთავის წყალმა” ქალაქის მკვებავ, 800 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები და, ამავდროულად, მაგისტრალზე რიგი ტექნიკური კომპლექსური სამუშაოები ჩაატარა.
კომპანიის ინფორმაციით, ახლით შეიცვალა ხრამის სათავე ნაგებობასთან დამაკავშირებელი მილდენის მწყობრიდან გამოსული მონაკვეთის 300 გრძივი მეტრი. მათივე ცნობით, მარნეულის რაიონის სოფელ ილმაზლოს ტერიტორიაზე ახლად მოწყობილი ქსელის მოქმედ ქსელთან მიერთებითი სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, რუსთავის მოსახლეობას წყალმომარაგება 23 ივლისის 11:00 საათიდან შეუწყდება. შესასრულებელი სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე, სამუშაოების ჩატარება 24-დან 30 საათამდე პერიოდს მოითხოვს.
“რუსთავის წყალი” შეეცდება ტექნიკური სამუშაოების განხორციელება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს და რუსთავის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების აღდგენა სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად დაიწყოს. წყალმომარაგების აღდგენამდე, რუსთავის მოსახლეობას კომპანია სასმელ წყალს ავტოცისტერნებით მიაწვდის“,- აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები