გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და ამ პოზიციას ჩვენც ვეთანხმებით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია ეთანხმება.

მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ სააკაშვილი, როგორც ყოფილი პრეზიდენტი, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს, რაც ასევე სრულდება.

„პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი და ამ პოზიციას ჩვენც ვეთანხმებით. მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, რომელიც მის მიმართ გამოტანილი აქვს მართლმსაჯულებას. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილი, როგორც ყოფილი პრეზიდენტი, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს, რაც ასევე სრულდება – იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ყოველ დღე აწვდის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ ოპოზიციისა და ადვოკატების მოთხოვნა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ეხება, რისკებთან არის დაკავშირებული.

„საავადმყოფოში, სადაც სააკაშვილი იმყოფება, ყველა საჭირო აღჭურვილობაა და არ არსებობს რაიმე სამედიცინო დასკვნა, რომ მას ესაჭიროება კონკრეტული მომსახურება, რომელიც იქ არ არის. ვერც ერთი კერძო კლინიკა ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, რომ ადგილზე პროვოკაციები არ მოხდეს და თავად პატიმრის საწინააღმდეგოდ არ გაუჩნდეს ვინმეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენის სურვილი. პატიმარი იმიტომ არის განსაკუთრებულად იზოლირებულ ტერიტორიაზე, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მართლმსაჯულების განხორციელება და მის მიმართ არ მოხდეს მოქალაქეების მხრიდან ანგარიშსწორება. ეს ორივე ფაქტორი გასათვალისწინებელია. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ შეძლებს, თუ თეორიულად გადაწყვეტს, პატიმარი გადაიყვანოს კერძო კლინიკაში, შეამოწმოს ამ კლინიკის პერსონალი და შენობაში შემსვლელ-გამსვლელი, ასევე, ვის რა პოლიტიკური გემოვნება აქვს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ და ამის მიხედვით აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები