სალომე ზურაბიშვილი: ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობაა ქვეყნის ღირსებისა და იმიჯის დაცვა და წარმოჩენა, სწორედ ამას ემსახურება ჩემი თითოეული ნაბიჯი ქვეყნის გარეთ თუ შიგნით
“ჩემი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა ქვეყნის სახის ღირსებისა და იმიჯის დაცვა და წარმოჩენა. სწორედ ამას ემსახურება ჩემი თითოეული ნაბიჯი ქვეყნის გარეთ თუ შიგნით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს მხრიდან, უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესს.
„ახლახან დავასრულე სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში, სადაც საშუალება მომეცა, მესაუბრა ჩვენი ქვეყნის გამოწვევებზე, ახალ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე. შევხვდი აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ესტონეთის პრეზიდენტს, ისლანდიის პრეზიდენტს. ასევე, სიტყვით გამოვედი იუნესკოში, სადაც ხაზი გავუსვი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული და აფხაზური ენის გადარჩენის უმწვავეს საკითხს. გუშინ, კი ორბელიანების სასახლეში შეხვედრა გავმართე MEDEF-ის დელეგაციასთან, რომელიც მოვიპატიჟე თავის დროზე და სამწუხაროდ, პანდემიის გამო გადაიდო ერთი წლით, რათა ადგილზე გაეცნოთ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. ეს ჩემი, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა, ქვეყნის სახის ღირსების და იმიჯის დაცვა და წარმოჩენა. სწორედ ამას ემსახურება ჩემი თითოეული ნაბიჯი ქვეყნის გარეთ თუ შიგნით. გარეთ თუ შიგნით ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სახელმწიფოს მხრიდან უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო ინტერესს, მის სტაბილურობას, ერთიანობას და წინსვლას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.