სოზარ სუბარი: რადიკალურ ოპოზიციას მოვუწოდებ, დაუბრუნდეს საპარლამენტო მუშაობას და უარი თქვას მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე
„რადიკალურ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, შეასრულოს ამომრჩევლის დაკვეთა, დაუბრუნდეს საპარლამენტო მუშაობას, უარი თქვას მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე და შეეშვას დესტაბილიზაციის მუდმივ მცდელობას. ხოლო თუ მაინც არჩევენ, რომ დესტრუქციულ რეჟიმში დარჩნენ, ერთადერთი, რასაც მიაღწევენ, საკუთარი თავის მარგინალიზაციის ტემპის დაჩქარებაა”,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
სოზარ სუბარმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 10%-ით, ხოლო მომავალ წელს 6%-ით გაიზრდება.
„ჩვენ დღეს უნდა განვიხილოთ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, მთავარი კანონი, რომელმაც უნდა განსაზღვროს არა მხოლოდ 2022 წლის პრიორიტეტები, არამედ შემდეგი წლების განვითარების მიმართულებაც და ვექტორიც. ეს არის დოკუმენტი, რომელიც გვეუბნება, რომ საქართველოს ეკონომიკა წელს ათი პროცენტით გაიზარდება, გაისად 6 %-ით და ეს იქნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ევროპის მასშტაბითაც.
ეკონომიკური ზრდის ასეთი ტემპი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მეტი რესურსი მივმართოთ ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონის სწრაფი განვითარებისკენ და ხალხის კეთილდღეობის ამაღლებისკენ. შედეგად, მომავალი წლის 1 იანვრიდან, 70 წელს მიუღწეველი პენსიონერის პენსია 260 ლარი გახდება, 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერისა კი 300 ლარი. მთაში, შესაბამისად, ეს ციფრები 312 და 360 ლარი იქნება. ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ 2022 წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს. გვახსოვს, რომ 2017 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა იყო შეჩერებული და წელს, მიუხედავად პანდემიისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, მოვახერხეთ, რომ მოხდება ხელფასების 10%-იანი ზრდა მომავალ წელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ამ წლების განმავლობაში, კერძო სექტორში შემოსავლების ზრდის ტემპმა ბევრად გაასწრო საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს და ძალიან ძნელი გახდა საჯარო სექტორში პროფესიონალი, მოტივირებული და კეთილსინდისიერი ადამიანების შენარჩუნება და მით უმეტეს, ახალი კადრების მოზიდვა. არადა, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული მუშაობა და მოსახლეობის კვალიფიციური მომსახურეობა სწორედ ამგვარ მოხელეებზე დგას. აღარ გავაგრძელებ სიტყვას სხვა მიმართულებებზე – ჯანდაცვა, ინფრასტრუქტურა, თავდაცვის უნარიანობის განმტკიცება და ასე შემდეგ. მხოლოდ ერთ ციფრს დავასახელებ, რომელიც კარგად ასახავს ზრდის მასშტაბსაც და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის პრიორიტეტულობას. თუკი 2012 წელს მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფისთვის მხოლოდ 34 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, მომავალ წელს 12 – ჯერ მეტი, 400 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ცხადია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ მიჰყვება რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიციის მიერ გამოგონილ ყალბ დღის წესრიგს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა ამ ციფრებზე ლაპარაკი. ამიტომ, რადიკალურ ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ: შეასრულოს იმ ამომრჩევლის დაკვეთა, ვინც ხმა მისცა, დაუბრუნდეს საპარლამენტო მუშაობას, უარი თქვას მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაზე და შეეშვას დესტაბილიზაციის მუდმივ მცდელობას. ხოლო თუ მაინც არჩევენ, რომ დესტრუქციულ რეჟიმში დარჩნენ, ერთადერთი, რასაც მიაღწევენ, საკუთარი თავის მარგინალიზაციის ტემპის დაჩქარებაა და ამ შემთხვევაში, ქუჩაში სიარული კი არა, სულ თავქუდმოგლეჯილებმა რომ ირბინონ აღმა-დაღმა, მაინც ვერ გამოჩნდებიან იმდენი, რომ თავიანთ ბელადს გული გაუხარონ და გაამხნევონ”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.