საქართველო, უკრაინა და მოლდოვა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე დეკემბერში ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთქმედების სტრატეგიულ ხედვას წარადგენენ დიფერენციაციის პრინციპზე დაფუძნებით.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ ქართველ და მოლდოველ კოლეგებთან “ასოცირებული ტრიოს” ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სამი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა 15 დეკემბრის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტისთვის მზადება განიხილეს.
„უკრაინა, საქართველო და მოლდოვა მხარს უჭერენ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ევროინტეგრაციის ეფექტურ ინსტრუმენტად გარდაქმნას. დეკემბრის სამიტზე ჩვენ წარმოვადგენთ ევროკავშირთან შემდგომი ურთიერთქმედების სტრატეგიულ ხედვას დიფერენციაციის პრინციპზე დაყრდნობით: ვინც მეტისკენ ისწრაფვის და აკეთებს, მეტი უნდა მიიღოს“, – თქვა დიმიტრი კულებამ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროინტეგრაციის დაჩქარება გააძლიერებს „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების და მთლიანად ევროკავშირის უსაფრთხოებას.
შეხვედრის ცალკე თემა იყო „ასოცირებული ტრიოს“ ერთობლივი პროექტები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში.