მიხეილ სარჯველაძე აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე და კომიტეტის წევრები, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის წარმომადგენლობით დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ თემას სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე ინფორმაციის მოსმენა წარმოადგენდა.
„საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები ახლა გეგმავენ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებულ აქტივობებს. მნიშვნელოვანია ორი სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა, იმისათვის რომ უფრო ეფექტიანი აღმოჩნდეს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებიდან გამომდინარე პროცესების ხელშეწყობა ყველა იმ სახელმწიფოსთვის, ვინც ამ კონვენციასთან არის მიერთებული”, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.