ცალსახად ვგმობ მსგავს საქციელს. რაც არ უნდა დიდი იყოს პოლიტიკური მიუღებლობები, რომლებიც გარდაუვლად პერსონალურ ურთიერთობებს შეუძლებელს თუ არა ძალიან დაძაბულს ხდის ახლა პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს შორის, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ხვალ ჩვენს შვილებს მოუწევთ ერთ საზოგადოებაში ცხოვრება. ჩვენი ხიდები რომ იწვება, ეს ცალკე ტრაგედიაა, მაგრამ მათი ხიდები მაინც არ უნდა დავწვათ და ამაზე უნდა ვიფიქროთ დღეს, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება იყოს ძალიან გვიან, – ამის შესახებ “კვირას” პარტია “ლელოს” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი საზოგადოებაში, რამაც საბოლოოდ მძიმე შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს.
“ვინც არ უნდა იყოს, რომელი პარტიის წევრიც, თუნდაც ცალკე მდგომი მოქალაქე, რომელმაც მსგავსი რამის გაკეთება გადაწყვიტა, მე ცალსახად ვგმობ და არ მიმაჩნია სწორად, მით უმეტეს სახლთან. არასრულწლოვანი შვილები კიდევ უფრო ამძიმეს მდგომარეობას. აქ, რა თქმა უნდა, არის ოჯახის ფაქტორი, შვილების ფაქტორი, მე ასე ვიტყოდი, არის ხაზები, რომელიც არ უნდა გადავკვეთოთ არცერთ ვითარებაში როგორ ცუდადაც არ უნდა იქცეოდეს მეორე მხარე. მე გიგი უგულავას მიტინგზე გაკეთებულ განცხადებაზეც მქონდა საჯარო პოსტი “ფეისბუქზე” და ეს არ არის ჩემთვის მისაღები არცერთ ვითარებაში, ამიტომ მექნებოდა ასეთი თხოვნა და მოწოდება ყველას მიმართ, რომ ძალიან საშიშ ვითარბამდე შეიძლება მივიდეს ის ფეთქებადსაშიში ვითარება რაშიც ახლა ვიმყოფებით. ხელისუფლების მხრიდან ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯებს, რომლის მიზანიც არის სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაყვანა და მე მექნებოდა თხოვნა და მოწოდება, რომ ასეთი რამეები არავინ უნდა გააკეთოს. ეს არის ძალიან ცუდი გზავნილი საზოგადოებაში და ხელისუფლება რომ არ გვინდობს, ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ თვითონ ადამიანებმა უნდა დავინდოთ ერთმანეთი და დავინდოთ ერთმანეთის შვილები. იმიტომ რომ თუ მშობელი არ ფიქრობს თავის შვილზე და თავისი შვილის მომავალზე, ბავშვი არ უნდა გავწიროთ იმისთვის, რომ ესეთ რამეებს შეეჭიდოს.
საჯარო სივრცეში, ტელევიზიაში მსგავს განცხადებები არ არის კანონდარღვევა და ვერც აკრძალავს ვინმე, ეს ადამიანები თავად ირჩევენ სამსახურსაც და მოქმედებებსაც, მაგრამ სახლთან მივარდნა, პირად სივრცეში შეჭრა, იქ სადაც ეს ადამიანები ცხოვრობენ, განსაკუთრებით არასრულწლოვნები, რომელთათვისაც ეს შეიძლება იყოს წარუშლელი ტრავმა ცხოვრების, ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი.
არის კონკრეტული კატეგორიები, რომლებზეც უნდა შევთანხმდეთ და არ გადავკვეთოთ ისინი. რაც არ უნდა დიდი იყოს პოლიტიკური მიუღებლობები, რომლებიც გარდაუვლად პერსონალურ ურთიერთობებს შეუძლებელს თუ არა ძალიან დაძაბულს ხდის ახლა პოლიტიკაში ჩართულ ადამიანებს შორის, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ხვალ ჩვენს შვილებს მოუწევთ ერთ საზოგადოებაში ცხოვრება. ჩვენი ხიდები რომ იწვება, ეს ცალკე ტრაგედიაა, მაგრამ მათი ხიდები მაინც არ უნდა დავწვათ და ამაზე უნდა ვიფიქროთ დღეს, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება იყოს ძალიან გვიან”, – განუცხადა “კვირას” ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, “ნაცმოძრაობის” წევრებმა პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის გოგა იორდანიძის სახლთან შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. იორდანიძეს ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.
სახალხო დამცველს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.