ლევან იზორია საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
2021 წლის 12 ნოემბერს საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია ვიზიტით იმყოფებოდა საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწაზე. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა შეხვედრა გამართა საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრთან, რაინერ ჰასელოფთან. შეხვედრაზე გერმანულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მხარეებმა განიხილეს საქსონია-ანჰალტის რეგიონსა და საქართველოს შორის რიგი მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
ამავე დღეს შედგა შეხვედრა საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტთან, გუნარ შელენბერგთან. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საქსონია-ანჰალტის რეგიონს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. გერმანულ მხარეს ასევე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში გამართულ ადგილობრივი არჩევნების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ელჩის შეხვედრა საქსონია-ანჰალტის ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან იურგენ უდესთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსთან დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ამ მიმართულებით დასახულ იქნა კონკრეტული გეგმები.
პროგრამის დასასრულს, საელჩოს ორგანიზებითა და რეგიონში მოქმედ მცირე და საშუალო ბიზნესის გაერთიანების (BVMW) ხელშეწყობით გაიმართა ელჩის შეხვედრა ადგილობრივ ბინზესმენებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და ამ კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის წარმატებული პოზიციები.