მიხეილ სარჯველაძემ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან კომიტეტსა და ევროპის საბჭოს ოფისს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში, ნატალია ვუტოვას შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კომიტეტსა და ევროსაბჭოს პროგრამების ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
ევროპის საბჭოს მხრიდან პოზიტიურად შეფასდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის პროექტზე მუშაობისას გაწეული ძალისხმევა და აღნიშნა მისი საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის მნიშვნელობა. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში სამოდელო ქვეყნის მაგალითს „სტამბულის კონვენციის” რატიფიცირებისა და იმპლემენტაციის მიმართულებით. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს, როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგის საპარლამენტო ზედამხედველობის კარგი პრაქტიკის მქონე ქვეყნის შესაძლებლობაზე.
ნატალია ვუტოვამ განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისას განხორციელებული პოზიტიური ცვლილებები. საუბარი, ასევე, შეეხო ქართული კანონმდებლობის გადახედვის და შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობებს. ნატალია ვუტოვამ, ევროპის საბჭოს ოფისის სახელით, გამოხატა აღნიშნულ პროცესში თანამშრომლობის მზაობა. თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მონაწილეობის პოზიტიურ როლს აღნიშნულ პროცესებში.