მაია ნიკოლეიშვილი კიწმარიშვილის მანქანაში გადაღებული ფოტოების წარმომავლობით ინტერესდება
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუქში დღეს გავრცელებულ ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანაში გადაღებულ ფოტოს ეხმაურება და განმარტებას აკეთებს. მაია ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, თუ საიდან გავრცელდა ეს ფოტო ინტერნეტსივრცეში. „კვირა“ მაია ნიკოლაიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ფეისბუქში გავრცელდა ფოტო, სადაც ასახულია სისხლის შხეფები ბატონ ეროსი კიწმარიშვილის მანქანის წინა -მარჯვენა, ანუ მის გვერდით სავარძელზე. ფოტო გადაღებულია პირადად ჩემ მიერ, ფოტოფირზე. ნეგატივი არსებობს. დაიბეჭდა შაბათს საღამოს და ფოტოსტუდიაში სპეციალისტმა ფირი უკუღმა (სარკულად) დაბეჭდა. ფოტოების “სარკულობა” და ფირის უკუღმა დაბეჭდვა პირველმა სწორედ ბატონმა ზურაბ კიწმარიშვილმა შეამჩნია. ფოტოების თავიდან დაბეჭდვა უკვე შეუძლებელი იყო ღამის საათებში. ამ შეცდომის აღმოჩენისთანავე ვაცნობე “პრაიმტაიმს” და “კვირის პალიტრას”, რომლებმაც გაასწორეს ეს შეცდომა. საიდან გავრცელდა ფეისბუქში გაუსწორებელი – სარკული ფოტო, ჩემთვის უცნობია“, – წერს მაია ნიკოლაიშვილი.