“ვთხოვე, რომ გადასხმები მაინც გაიკეთოს” – სუბარმა ხოშტარია მოინახულა
“ქართული ოცნების” წევრმა, სოზარ სუბარმა მოშიმშილე ოპოზიციონერი კოლეგა, ელენე ხოშტარია მოინახულა, რომელიც პარლამენტის შენობაში რამდენიმე დღეა, შიმშილობს.
სუბარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხოშტარია მის მოწოდებას არ გაითვალისწინებს, მისი თხოვნა იქნება, რომ გადასხმა მაინც გაიკეთოს.
“ამ წუთში უკეთ არის, მაგრამ შიმშილობის დროს შესაძლებელია, მსგავსი რამ კიდევ განმეორდეს. კარგად ვიცი, რომ არ გაიზიარებს ჩემს არც თხოვნას და მოწოდებას, მაგრამ ერთადერთი თხოვნაც და მოწოდებაც ეს იქნება, რომ თუ შეწყვეტს შიმშილობა ყველაზე კარგი, თუ არადა გადასხმები მაინც გაიკეთოს”, – განაცხადა სუბარმა.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას შიმშილობის მიზეზს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ, სუბარი ამბობს, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.
“ელენეს, როგორც პოლიტიკოსს და ადამიანს, პატივს ვცემ, მაგრამ სასჯელაღსრულების სამედიცინო სამსახური და კონსილიუმი ყოველდღიურ მონიტორინგს აწარმოებენ და მათზე უკეთ არავინ იცის, როდის რა ესაჭიროება ადამიანს. ჯერჯერობით, არც კონსილიუმს უთქვამს მისი გადაყვანაზე, არც სასჯელაღსრულების სამსახურის ექიმები ამბობენ ამას. ამბობენ, რომ ამ წუთისთვის სააკაშვილის მდგომარეობა არის ნორმალური, თუ საჭირო გახდება გადაყვანა, გადაიყვანენ იმ კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩენენ ადეკვატურ დახმარებას”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.