გია ხუხაშვილი: ტატამზეა ორი ძალა და ვხედავთ მათ შორის უკიდურესად აგრესიულ დაპირისპირებას, რომელიც არა და არ სრულდება – იმედი ვიქონიოთ, რომ ფატალურ შედეგს არ მივიღებთ

“შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ფაქტობრივად, 2 პატიმარი განსაზღვრავს დღის წესრიგს: ერთი – გისოსებს მიღმიდან, მეორე – შუშის სასახლიდან. ამ დროს ჩვენი მოსახლეობის პრობლემები უყურადღებოდ არის დარჩენილი. ამაზე არავინ ლაპარაკობს, არავის აინტერესებს”, – ამის შესახებ ექსპერტი, გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრისას აცხადებს.

მისივე თქმით, დღეს პოლიტიკური სპექტრი სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით კი არ ცხოვრობს, არამედ – წმინდად პოლიტიკური ინტერესებით, რის უკანაც სახელმწიფო საერთოდ არ ჩანს.

“სამწუხაროდ, სუს-ის განცხადება იყო ერთგვარი პოლიტიკური გაფრთხილება, მცდელობა იმისა, რომ აქცია ჩაშლილიყო. აშკარაა, რომ სუს-ი პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებულად მოქმედებს, ანუ პოლიტიკურ ხაზს მიჰყვება. დღეს ხელისუფლების ამოცანაა სააკაშვილის არა ფიზიკური, არამედ მორალური განადგურება, მისი დისკრედიტაცია. სუს-ის ეს განცხადებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ეს განცხადება ორი ნაწილისგან შედგებოდა: ერთის მიხედვით, სააკაშვილს ვითომდა ვიღაც ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაცია ჰქონდა დაგეგმილი. წარმოუდგენელი რამაა – სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდნენ, ასეთ მძიმე განცხადებებს აკეთებენ და ამას არ მოჰყვება არანაირი სამართლებრივი შედეგი. თუ ამას აქვს რეალური საფუძველი, ასეთი განცხადების გაკეთებისას, წესით, რამდენიმე პირი უკვე უნდა ჰყოლოდათ დაკავებული ამ ბრალდებით. სუს-მა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის გაჩანაგებისკენ. ეს იყო გაგრძელება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებისა და ამჯერად მისი ერთი ნაწილი მიმართული იყო იმისკენ, რომ აქციაზე წასვლის შეშინებოდათ მსურველებს. დაშინება-დისკრედიტაციის თამაშებშია ჩართული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც უნდა ზრუნავდეს ქვეყნის სისტემურ ინტერესებზე, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის ხელისუფლებაში… ჩანაწერის გამოქვეყნებაც ერთ ხაზს – სააკაშვილის მორალურ განადგურებას ემსახურება და ყოვლად არასწორია. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ემსახურება ერთ მიზანს, სააკაშვილის დისკრედიტაციას. მე თუ მკითხავთ, სააკაშვილს დისკრედიტაცია მეტად აღარც სჭირდება, იმდენი რამ აქვს ამ ქვეყანაში დაშავებული, მაგრამ ხელისუფლებამ მთავარ მიზნად ეს დაისახა და წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებენ. ამას სადიზმის მეტს ვერაფერს დავარქმევ. სიმართლე გითხრათ, ძალიან მეეჭვება ეს ყველაფერი ხელისუფლების სასარგებლოდ ეფექტიანად მუშაობდეს – თუ ადამიანი ლოგიკურად აზროვნებს, მისთვის ეს ჩანაწერი მხოლოდ იმის დამადასტურებელია, რომ სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს. ეს მუშაობს ისევ იმათზე, ვინც მზად არის ხელისუფლების ნებისმიერი პროპაგანდისტული ნაბიჯი დაიჯეროს.

ჩემი აზრით, სააკაშვილი ნამდვილად შიმშილობს, ეპიზოდურად შესაძლოა ფაფა მართლაც შეეჭამა, წვენიც დაელია და მედიკამენტებიც მიეღო, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ის, ძირითადად, შიმშილობდა და მისი შიმშილობა, როგორც პოლიტიკური აქტი, შედგა. ახლა, რაც უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, რომც დავუშვათ, შეიძლება რაღაცას ეშმაკობდეს, გარანტირებულებად იმის თქმა, რომ მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, შეუძლებელია. რომც არ იყოს ისეთ ვითარებაში სააკაშვილი, რომ კერძო კლინიკაში გადაყვანა სჭირდებოდეს, მხოლოდ პოლიტიკური ვითარების განმუხტვისთვის აქამდე მაინც უნდა გადაეყვანათ. არ გადაჰყავთ იმიტომ, რომ ეშინიათ გარკვეული პოლიტიკური პროცესების განვითარების. ჩვენ ჩამოვყალიბდით შერჩევითი მორალის საზოგადოებად, სადაც ჩვენიანზე ძალადობა დანაშაულია, სხვაზე კი კანონის აღსრულება. სააკაშვილისა და შევარდნაძის მმართველობის დროსაც ასე ხდებოდა. მოკლედ, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება, თუ სისტემური გარყვნილება ერთხელ და სამუდამოდ არ ამოიძირკვა. ჩვენ ხომ მხოლოდ პოლიტიკური ელიტის პრობლემა არა გვაქვს, ეს ყველაფერი, უპირველესად, საზოგადოების მანკიერებაა, როდესაც მორალი მოქმედებს მხოლოდ ჩვენს მიკროსამყაროზე. სამწუხაროდ, ქვეყანაში კვლავ მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ისევ ყველაფერი გაკეთდა შუის გასაკრეფად, პოლიტიკურ ველს კვლავაც ავსებს ორი პოლიტიკური ცენტრის კუნთების თამაში. ტატამზეა ორი ძალა და ვხედავთ მათ შორის უკიდურესად აგრესიულ დაპირისპირებას, რომელიც არა და არ სრულდება და არავინ იცის, ეს სად მიგვიყვანს. დიალოგისა და კონსენსუსისთვის ადგილს მათი დამოკიდებულება არ ტოვებს. შესაბამისად, ისევ ტრადიციად ქცეულ მანკიერ წრეზე ვტრიალებთ. რაც მთავარია, ამ დაპირისპირების გრადუსი ყოველ შემდეგ ციკლში უფრო იზრდება და რისკებიც, შესაბამისად, მეტად საფრთხის შემცველი ხდება. მგელი მოდის! – საზოგადოების ამგვარად დაშინების პრინციპი შეიცვალა და სააკაშვილი უკვე ფიზიკურად დაბრუნდა ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე და ახლა ყველაფერი ვითარდება მის გარშემო. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ფაქტობრივად, 2 პატიმარი განსაზღვრავს დღის წესრიგს: ერთი – გისოსებს მიღმიდან, მეორე – შუშის სასახლიდან. ამ დროს ჩვენი მოსახლეობის პრობლემები უყურადღებოდ არის დარჩენილი. ამაზე არავინ ლაპარაკობს, არავის აინტერესებს.

ყოველდღიურად 50-ზე მეტი კაცი გვეღუპება “კოვიდისგან”, რომელთაც შეეძლოთ ეცოცხლათ, მაგრამ ეს პრობლემა თითქოს არც არსებობს, თითქოს არც ის არის ჩვენი პრობლემა, თუ როგორ იზრდება ტარიფები და ძვირდება სამომხმარებლო კალათა… აღარავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ამ არჩევნებში ქურდული სამყარო იყო აქტიურად ჩართული და, ბუნებრივია, ამაში ქართველ საზოგადოებას თავისი ფასის გადახდა მოუწევს კრიმინალთა ყელყელაობის შედეგად მოტანილი ზიანით… ამ ყველაფერზე ლაპარაკის ნაცვლად, ჩვენი დღე იწყება ერთი პატიმრის განცხადებით და სრულდება მისი ადვოკატებისა თუ ექიმის კომენტარებით. ეს არის ვითარება, რომელიც დიდწილად ხელისუფლებასაც აწყობს, რადგან მიიჩნევს, რომ სააკაშვილის შესახებ კითხვებზე მას აქვს პასუხები და ეს პოლემიკა მისთვის მომგებიანია. მათთვის გაცილებით არაკომფორტული იქნებოდა იმ პრობლემებზე კითხვების დასმა, რომლებიც რეალურად აწუხებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. მაგალითად, პანდემიის შესახებ, რომლის საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება, მხოლოდ კომენტარებს აკეთებენ, ხელისუფლება კომენტატორად იქცა და ჩვენც შევეჩვიეთ ამ ფაქტობრივ გენოციდს.

მოკლედ, ძალიან ბევრ საკითხზე ხელისუფლებას პასუხები არა აქვს და შესაბამისად, სააკაშვილის დანაშაულებზე ლაპარაკი ურჩევნია, ცდილობს საზოგადოების ნაწილის მთელი აგრესია სააკაშვილისკენ მიმართოს… ჩვენ არ დაგვიქირავებია ეს ხელისუფლება იმისთვის, რომ პოლიტიკურ ბრძოლებში გამარჯვებები გამოაცხადოს და ამით დაკმაყოფილდეს. ჩვენ ის დავიქირავეთ იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივ პრობლემებზე ზრუნავდეს და მათ გადაწყვეტაზე ფიქრობდეს. ერთადერთი, რითაც არის დაკავებული, არის პოლიტიკური ბრძოლები. რაც შეეხება სააკაშვილს, თავი რომ დავანებოთ მისი ჯანმრთელობის საკითხს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მას მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ქვეყანაში დღის წესრიგის განსაზღვრა, თან, გარკვეულწილად, კრიტიკის მიღმაა, რადგან ძნელია მოშიმშილე პატიმრის აქტიური გაკრიტიკება მორალური სტანდარტიდან გამომდინარე. ის შეიძლება ფიზიკურად ცუდად არის, მაგრამ როგორც პოლიტიკური ეგოცენტრიკი, ამ ვითარებაში მშვენივრად გრძნობს თავს.

დღეს პოლიტიკური სპექტრი სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით კი არ ცხოვრობს, არამედ წმინდად პოლიტიკური ინტერესებით, რის უკანაც სახელმწიფო საერთოდ არ ჩანს. ორმხრივ შულერულ თამაშს ვადევნებთ თვალს, რომელშიც ყველა საკუთარ გამორჩენაზე ფიქრობს. ვინ მოიგებს, აზრი დიდად არა აქვს. ასე თუ გაგრძელდა, სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული დარჩება. მარტივი გამოსავალი ამ ვითარებიდან არ ჩანს. ერთი მხარე სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებით რევოლუციური პროცესის ინიცირებას ცდილობს, მეორე მხარე კი ელოდება, რომ მისი ოპონენტები დაუშვებენ შეცდომებს, რის მერეც გაუსწორდება მათ… რეალურად რევოლუციური პროცესების განვითარების წინაპირობები საქართველოში რა თქმა უნდა, არ არის. რევოლუციას რამდენიმე კომპონენტი განსაზღვრავს. რევოლუციის წინ აუცილებელია ხელისუფლება იმდენად იყოს დასუსტებული და სტერილური, რომ სისტემის მართვა ვერ შეძლოს. ასევე საჭიროა ხალხის უკიდურესი მობილიზება, რაც დღეს ნამდვილად არ ჩანს. მოსახლეობის რაღაც ნაწილი შეიძლება უჭერს მხარს რევოლუციურ განვითარებას, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილს, აღარ უნდა ამგვარ პროცესში მონაწილეობა. შეიძლება ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ, მაგრამ მათ არ სურთ არეულობა და რევოლუციური განვითარება, მით უფრო ეს ხალხი არაფრით გაჰყვება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ანგელოზი ნამდვილად არ არის და სულ ცოტა პოლიტიკური დამნაშავეა.

სამართლებრივ საქმეებზე შეიძლება იკამათოს კიდევ ვინმემ, მაგრამ სააკაშვილს პოლიტიკური ვერდიქტი ხალხმა 2012 წელს გამოუტანა, მისი რეაბილიტაციის დრო კი ჯერ არ დამდგარა. რეაბილიტაცია რომ მოხდეს, ამას მონანიება სჭირდება. სააკაშვილისგან მონანიება და დანაშაულის აღიარება არავის მოუსმენია. ბოლო პროცესებიც ადასტურებს იმასაც, რომ ოპოზიციას მწყობრი გეგმა და სტრატეგია არა აქვს. ასე მგონია, ამის თაობაზე შიგნითაც არა აქვთ ერთი აზრი. ტაქტიკური მონახაზით მოქმედებენ, ისევე, როგორც ხელისუფლება. არც ერთს არა აქვს პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი განვითარების სტრატეგია. შესაბამისად, როცა ტაქტიკური ნაბიჯებით მიდიხარ, გადაწყვეტილებების მალ-მალე შეცვლის რისკი საკმაოდ მაღალია. ოპოზიცია სააკაშვილის მძევალია იმიტომ, რომ ბევრ მათგანს ესმის, რომ ქვეყანაში პროცესების რევოლუციური განვითარების პერსპექტივა არ არსებობს, მაგრამ გარკვეულწილად იძულებული არიან დაჰყვნენ სააკაშვილის სურვილს. როდესაც ადამიანის სიცოცხლე სასწორზეა, ძნელია გააკრიტიკო და არ გაიზიარო, რასაც ის გთავაზობს. პატიმარი, მით უფრო მოშიმშილე, კრიტიკის მიღმაა. მეც კი მიჭირს მისი ისე შეფასება, რასაც შეიძლება იმსახურებს. ვფიქრობ, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებშიც კი ბევრი ამას არ ეთანხმება, მაგრამ რა უნდა ქნან, მოქმედების რა დიაპაზონი აქვთ? – არავითარი.

ისმის ლაპარაკი მშვიდობიან რევოლუციაზე. მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც საზოგადოება გახლეჩილია, მშვიდობიანი რევოლუცია ვერ შედგება. მხოლოდ ძალადობრივად შეიძლება განვითარდეს პროცესები, რაც ჩვენს სახელმწიფოს საბოლოოდ დაასამარებს. თუმცა, ჩემი აზრით, არც მშვიდობიანი რევოლუციისთვის არსებობს საფუძველი და არც ძალადობრივი რევოლუციისთვის საჭირო რესურსები აქვს ოპოზიციას. თუ სახელმწიფოებრივად შეხედავენ ამ ყველაფერს, მაშინ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ისე აქვს ამოცანა დასახული, რომ ის დათმობას არ აპირებს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს, ლამის მთელი საავადმყოფო ციხეში გადაიტანონ, ოღონდ კი ის იქიდან არ გამოიყვანონ. თუმცა უმთავრესი მაინც მართლმსაჯულების საკითხია. პატიმარი სააკაშვილი ამბობს, რომ უდანაშაულოა და ამიტომაც შიმშილობს. თუ დარწმუნებული არიან, რომ დამნაშავეა და აქვთ მტკიცებულებები, მაშინ გახსნან მართლმსაჯულება, გაასაჯაროონ და ვნახოთ.

მიხეილ სააკაშვილის საქმეებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია გირგვლიანის საქმე და მისი მკვლელების შეწყალების ეპიზოდი. მოდი ვნახოთ, რა ხდება ამ საქმეში: გირგვლიანის მკვლელები რომ შეეწყალებინა სააკაშვილს, ამისთვის საჭირო იყო მათთვის სასჯელის შემცირება, ანუ ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლა, სხვა შემთხვევაში ისინი ვერ მოხვდებოდნენ შესაწყალებელთა შორის. ასეც მოიქცნენ – მათ შეუმცირეს სასჯელი და ეს ვინ გააკეთა, იცით? – ბატონმა მურუსიძემ, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ სამუდამოდ გაამწესა სასამართლოში. თუ ეს იყო დანაშაული, ამ დანაშაულის მონაწილე იყო მურუსიძეც, ანუ სააკაშვილი და მურუსიძე იყვნენ თანამზრახველები. ახლა გამოდის, რომ ერთი დამნაშავე მეორე დამნაშავეს, თავისივე თანამზრახველს ასამართლებს იმ დანაშაულზე, რაც ერთობლივად ჩაიდინეს. ამის მერე შეიძლება ნდობაზე ვილაპარაკოთ? გარდა ამისა, ქმნის თუ არა ეს იმის საფუძველს, რომ ვილაპარაკოთ პოლიტიკურ დევნაზე? პოლიტპატიმრის სტატუსი ადამიანს იმიტომ კი არ ენიჭება, რომ ის უდანაშაულოა, შეიძლება დამნაშავეც იყოს, მაგრამ პოლიტიკურ პატიმრად მას აქცევს ის, თუ ხელისუფლებას მის მიმართ პოლიტიკური ინტერესი აქვს. შესაბამისად, დღეს რასაც აკეთებს ხელისუფლება, ეს სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელება კი არ არის, არამედ სააკაშვილის შავ საქმეებს ათეთრებს. ღარიბაშვილის ბრიყვული განცხადებები გავიხსენოთ. მისმა ლაპარაკმა გამოაჩინა ყველაზე მეტად პოლიტიკური სარჩული, დაწყებული იმით, გაჩერდეს, თორემ მუხლებს დავუმატებთო და ა.შ., ან კიდევ გამოვიდა და განაცხადა, იგეგმებოდა ორი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობაო. დიდი ბოდიში და, პრემიერ-მინისტრი რატომ არ დაჰკითხა დღემდე ამ საკითხზე პროკურატურამ? როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლების ამოცანაა არა ის, რომ სააკაშვილი ციხეში ჰყავდეს, არამედ მისი მორალურად განადგურება სურს. თორემ ციხეში სააკაშვილი არაფერში სჭირდება. სააკაშვილის ამოცანა კი არის ის, რომ თავისი სიცოცხლის სასწორზე დადებით ინიცირება მისცეს რაღაც მღვრიე პროცესს, რომელიც ღმერთმა უწყის, რით დასრულდება. არც ერთი მხარე არ ფიქრობს სახელმწიფო ინტერესებზე. ორივე ფიქრობს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გატარებაზე, ანუ ერთგვარ ყომარბაზებთან გვაქვს საქმე, რომლებიც საკუთარი ვაიინტერესებიდან გამომდინარე, მიდიან ვა-ბანკზე… საფრთხე დიდია, მაგრამ ისიც საკითხავია, სად არის ეს კონსტიტუციური წესრიგი და ხელისუფლებამაც ხომ არ დააყენა უკვე საკუთარი თავი კონსტიტუციის მიღმა? ცივილიზებულ სამყაროში იმიტომ მოდიან ხელისუფლებაში, რომ გამოვიდნენ კანონის დაცვის გარანტად, ჩვენთან კი მოდიან კანონის დარღვევის უფლების მოსაპოვებლად. ასე იქცევა, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლებაც. ვნახოთ, იმედი ვიქონიოთ, რომ მშვიდობიანად განვითარდება მოვლენები და ფატალურ შედეგს არ მივიღებთ”, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები