სასამართლომ ჯო ბაიდენის დისშვილი სარეაბილიტაციო ცენტრში გააგზავნა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დისშვილი სასამართლომ „განრისხების“ კურსებზე გააგზავნა. გასული წლის სექტემბერში 26 წლის კეროლინ ბაიდენი ერთ ოთახში მცხოვრებ გოგონასთან ჩხუბის გამო დააკავეს. კონფლიქტის მიზეზი ბინის ქირის გადაუხდელობა გახდა. კეროლინმა, აგრესიასთან ერთად, სამართალმცველებთან წინააღმდეგობის გაწევაც სცადა. დაკავების დროს ის პოლიციელებს უყვიროდა და ხელბორკილების გაკეთების საშუალებას არ აძლევდა. 5 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესს თავად კეროლინი არ დასწრებია. მის ინტერესებს 2 დაქირავებული ადვოკატი იცავდა. ერთ-ერთმა ადვოკატმა განაცხადა, რომ გოგონა მომხდარის გამო ძალიან წუხს და საქციელს ნანობს. როგორც ცნობილია, ბაიდენის დისშვილს პრობლემები ალკოჰოლისა და ნარკოტიკის გამო არაერთხელ ჰქონია. ემოციასთან გასამკლავებელ სამთვიან კურსს კეროლინი სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლის, სადაც პირველი თვე 35 ათასი დოლარი ჯდება, ხოლო მომდევნო თვე – 18 ათასი დოლარი. სარეაბილიტაციო ცენტრი შტატ ფლორიდაში მდებარეობს, ის 5 – ვარსკვლავიან სასტუმროს ჰგავს და პაციენტებს მაღალი კლასის მომსახურებას სთავაზობს.