სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართა.

მათივე ცნობით, ზალკალიანმა დიპლომატიურ სამსახურში მყოფ ყველა პირს პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ ქვეყნის სამსახურისა და სახელმწიფო ინტერესების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

“საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას და ოკუპირებულია მისი ტერიტორიები. მინისტრის თქმით, სწორედ ქართველი დიპლომატების თავდაუზოგავი შრომის შედეგია ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დიპლომატიური ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონია. საქართველოს პრეზიდენტმა, უწყებრივი ჯილდო გადასცა გამოჩენილ ქართველ დიპლომატს, ლევან მიქელაძეს, რომელსაც წელს 64 წელი შეუსრულდებოდა. ლევან მიქელაძემ თავისი მოღვაწეობით დიდი კვალი დატოვა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში და საფუძველი დაუდო საქართველოს მრავალ წარმატებას საგარეო ასპარეზზე.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი გასწია გლობალური პანდემიის კრიზისულ პერიოდში საქართველოს ინტერესების დაცვასა და გატარებაში.

ამასთან, უწყებრივი ჯილდო გადაეცა ცნობილ ქართველ მეცნიერს და დიპლომატს რევაზ გაჩეჩილაძეს, რომლის სახელსაც უკავშირდება არა მხოლოდ მისი წარმატებული დიპლომატიური მოღვაწეობა ელჩის რანგში მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნებში, არამედ ბევრი საექსპერტო და კვლევითი ნაშრომი საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი წვლილი უდიდესია ქართული დიპლომატიური სამსახურის განვითარებასა და გაძლიერებაში, დიპლომატთა მრავალი თაობის აღზრდაში.

აღსანიშნავია, რომ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო 2020 წელს დაწესდა.

ასევე, დიპლომატის დღესთან დაკავშირებით, დიპლომატიური რანგი მიენიჭა საგარეო უწყების 19 თანამშრომელს, ხოლო ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა 138 თანამშრომელს.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს საქართველოში 2004 წლიდან, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები