კლინიკების ასოციაცია, რომელიც სერიოზულად ჩაერთო „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციურ დღის წესრიგში, საოცრად უტიფარ განცხადებას აკეთებს – ლევან ნიკოლეიშვილი
„კლინიკების ასოციაცია, რომელიც სერიოზულად ჩაერთო „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციურ დღის წესრიგში, დღეს საოცრად უტიფარ განცხადებას აკეთებს და ექიმებსა და კლინიკებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში არ უმკურნალონ პრეზიდენტს (სალომე ზურაბიშვილს), პრემიერ მინისტრს, მინისტრებსა და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს, მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გადაყვანილი კლინიკაში, ან უფრო მეტიც, სანამ არ იქნება განთავისუფლებული ციხიდან!“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ მიმართვას, რომლის თანახმად კლინიკების ასოციაცია ექიმებს ბოიკოტისკენ მოუწოდებს, ვიდრე ექსპრეზიდენტს სამკურნალოდ კლინიკაში არ გადაიყვანენ.
ნიკოლეიშვილის თქმით, სააკაშვილი საქართველოში ძალით არავის ჩამოუყვანია და შიმშილობის გადაწყვეტილებაც მან დამოუკიდებლად მიიღო.
მისივე თქმით, დროა, ხელისუფლებამ გაასაჯაროოს ინფორმაცია თუ რა საკვებს ან მედიკამენტებს იღებს ან არ იღებს მიხეილ სააკაშვილი:
„გასაგებია, რომ სააკაშვილს არც თუ ისე ცოტა მხარდამჭერი ჰყავს, არც თუ ისე ცოტა ადამიანი ამართლებს იმ ჩადენილი დანაშაულების გამო, და უფრო მეტიც, ალბათ გულში იძახიან სწორედ შვრებოდა თუ ხალხს აწამებდა და იმ ქვეყნად ისტუმრებდაო. მაგრამ ერთი კია, რომ ბევრი მაგრამ არსებობს: ექიმების სახელით მოსაუბრეებს ჰიპოკრატეს ფიცის შესახებ თუ გაგიგიათ? ან ღვთის არ გეშინიათ? თქვენთვის სააკაშვილი დამნაშავე არ არის, საქართველოს სასამართლო და ევროპის ადამიანთა უფლებების დაცვის სასამართლო დამნაშავედ მიიჩნევს!
სააკაშვილი არავის ძალით არ ჩამოუყვანია, შემოიპარა, დააკავეს, ციხეში მოათავსეს, შიმშილობაც თვითონ დაიწყო … და ახლა ქვეყანას აწრიალებთ, არიქა შიმშილობს, არიქა ცუდად არის, არიქა … თვითონ კი დღე არ გავა ახალ რევოლუციურ სცენარს არ აანონსებდეთ. თუ შიმშილობს იშიმშილოს, თუ არადა ან შეწყვიტოს შიმშილობა და თავის მსჯავრს დაელოდოს, და მოიხადოს სასჯელი, თან გაასაჩივროს… ისე, კი დროა ხელისუფლებამაც გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა სვამს ან არ სვამს, რას ჭამს ან არ ჭამს, რა მედიკამენტებს იღებს და ასე შემდეგ! უკვე დიდი ხანია დადგა ის დრო, როცა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, და იცოდეს საზოგადოებამ ვინ ვინ არის, და ვინ, რას და რატომ შვება! ან კანონით იმოქმედეთ ან გამოაცხადეთ, რომ დამნაშავეების, ამრევების, ცილისმწამებლების, პროვოკატორების და სხვების დასჯა არ შეიძლება, ოღონდ ნურც ამერიკას და ნურც ევროპას ნუ დააბრალებთ, მოგიტრიალდებათ ეს უკანასკნელები და მოკლედ და პირდაპირ ჰკითხეთ მათ ქვეყნებში ასეთ დანაშაულებში ბრალდებულებს როგორ ექცევიან?! ტელე-მედიას სახელით მოქმედ დეზინფორმატორებს როგორ ექცევიან ?! სააკაშვილის და მისი მომხრეების დღის წესრიგით ხომ არ უნდა იცხოვროს მთელმა ქვეყანამ? დამნაშავეა დასაჯეთ, ზედ მიაყოლეთ წვრილ-წვრილი მის მომხრეებიც თუ დანაშაული აქვთ ჩადენილი, თუ არადა ყოველდღე ამათ უშნოდ დადგმულ სპექტაკლებს მტერმა უყურა. სახელმწიფო იმოქმედე!!!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს კლინიკების ასოციაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მორიგ მიმართვას ავრცელებს და ექიმებს მოუწოდებს პროტესტის ნიშნად, უპრეცედენტო ბოიკოტი გამოაცხადონ:
„სანამ სააკაშვილს არ მიეცემა მკურნალობის საშუალება, არ გაუწიოთ სამედიცინო დახმარება მთავრობის მაღალჩინოსნებს“ – აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი.