ვახტანგ ჭარაია: 2022 წელს მოსალოდნელია ინფლაციის დასტაბილურება მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც

„ინფლაციის მაჩვენებლის ლომის წილი მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოდის. თუ მას მედიკამენტებსა და კომუნალურ ხარჯებზე გაზრდილ ფასებს დავუმატებთ, მივიღებთ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ფასების ზრდა სინამდვილეში იმაზე უფრო მეტია, ვიდრე ამას გასაშუალოებული ინფლაცია გვიჩვენებს. თუმცა, მეორე მხრივ, ამ ყველაფერს აქვს თავისი ახსნაც, რაც უმთავრესად გლობალური პანდემიითა და საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურითაა განპირობებული,“ – ასე ეხმიანება საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ, ინფლაციის მაჩვენებლებს თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ ჭარაია.
მისი თქმით, ნავთობზე საერთაშორისო ფასების ზრდამ, ტურიზმთან დაკავშირებულმა სირთულეებმა, ტრანსპორტირების ხარჯების მნიშვნელოვანმა მატებამ და მიწოდების ჯაჭვში შეფერხებებმა, აგრეთვე, მრავალმა სხვა მიზეზმა ინფლაცია გლობალურ პრობლემად აქცია.
„რეფინანსირების განაკვეთის მომდევნო გამკაცრება ბიზნესის მომდევნო შეფერხებას შეუწყობს ხელს, ამიტომ, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი საკმაოდ რთული რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ 2021 წლის ჭრილში. თუმცა, საბედნიეროდ, დღევანდელი მონაცემებით, 2022 წელს იმ პირობით, რომ კოვიდ-19 ახალ სიურპრიზებს არ შემოგვთავაზებს, მოსალოდნელია ინფლაციის მსოფლიო მასშტაბით დასტაბილურება, მათ შორის, საქართველოშიც. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ქვეყანა გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს და თავს არ დაატყდეს ახალი პრობლემები, რომელიც 2022 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მოთოკვას შეუშლის ხელს,“ – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები