ალექსანდრე რაქვიაშვილი – „უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცას პარტიული დროშა ლურჯი აქვს და ვიღაცას – წითელი – ადამიანების მტრად გამოცხადება არასწორია”

პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის” წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, არ შეიძლება ადამიანების მოღალატეებად და მტრად გამოცხადება, თუ ისინი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები არიან.

“წინასაარჩევნოდ ორ დიდ პარტიას შორის მთავრი რიტორიკა იყო, რომ სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სახით ერთმანეთს მოღალატეებად მოიხსენიებდნენ და მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ვიცხოვროთ ქვეყანაში, თუ მართლა გვჯერა ასეთი რამის, რომ ასობით ათასი ადამიანი მტერია და როგორც მტერს, ისე მოვეპყროთ. მე არავის არ ვუყურებ, როგორც მტერს, ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვიცხოვრებდი ქვეყანაში, სადაც 500 ათასი ადამიანი მტერი გვყავს. არც მარჯვენა და არც მარცხენა მხარეს, არც პარტიის დროშის ფერით ვარჩევ ადამიანს. ჩემთვის თუ რამე არის რაც მაძლევს საშუალებას ვთქვა, რომ ამ ადამიანს არაფერი კარგი ამ ქვეყნისთვის არ უნდა არის ის, რომ არ აღელვებდეს 12%-იანი ინფლაცია, ან ის რომ ჩვენი მიწის უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს ხელშია და ვერ ვუბრუნებთ ადამიანებს, ან ის რომ ათასობით ადამიანი ტკივილისგან წვალობს იმიტომ, რომ ტკივილგამაყუჩებელს პოლიციელი გასცემს და არა  – ექიმი. უამრავი პრობლემა გვაქვს და შეიძლება, ჩვენ სხვადასხვანაირად ვუყურებდეთ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს, მაგრამ თუ უბრალოდ არ გვაღელვებს ეს პრობლემები და ამაზე არ ვსაუბრობთ მაშინ შეიძლება, სერიოზულად ვთქვათ, რომ ამ ადამიანს ქვეყნის ბედი არ აღელვებს, მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცას პარტიული დროშა ლურჯი აქვს და ვიღაცას – წითელი, ამიტომ მოღალატედ და მტრად გამოცხადება არასწორი იქნება. გამიხარდება, თუ ასეთი რიტორიკიდან სხვა ტიპის რიტორიკაზე გადავალთ და მართლა პრობლემებზე ვილაპარაკებთ, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები