მაია ბითაძე: პრემიერის მოწოდებები მაღალი ტრიბუნიდან, გაერო-ს სამიტზე, კიდევ ერთი ნაბიჯია გლობალურ ურთიერთობებში საქართველოს ინტეგრაციისთვის

„მოწოდებები, რომლებიც პრემიერმინისტრის მიერ მაღალი ტრიბუნიდან გაისმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტზე, ის მაღალი დონის შეხვედრები, რომელთაც პრემიერმინისტრი აწარმოებს გლაზგოში, კიდევ ერთი ნაბიჯია წინ გლობალურ-სამართლებრივ სისტემასა და გლობალურ ურთიერთობებში საქართველოს ინტეგრაციისთვის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბითაძის თქმით, პრემიერმინისტრის ვიზიტი იმ სამომავლო გამოწვევებს ეხება, რომლებიც ქვეყანას, კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე შეიძლება, ჰქონდეს, ეს კი პირდაპირ და ირიბად აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

„მინდა, გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს გლაზგოში. შეგახსენებთ, პრემიერი ესწრება კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტს. დაახლოებით 120 ქვეყნის მეთაურია წარმოდგენილი ამ სამიტზე და გუშინ ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება მაღალი ტრიბუნიდან, რომელიც ეხება, მათ შორის, საქართველოს სამომავლო განვითარებას იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, რომლებიც აწუხებს მსოფლიოს როგორც გლობალურ, ისე – რეგიონულ დონეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის როგორც ეკონომიკური განვითარებისთვის, ისე – კეთილდღეობისა და, ზოგადად, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს სინერგიული თანაარსებობისთვის. მინდა, მივესალმო დღეს ამ დარბაზში მყოფი ყველა ოპოზიციონერის ჯანსაღ მოწოდებას, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებასთან. ასევე, მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო, რომ პრემიერის ვიზიტი სწორედ იმ სამომავლო გამოწვევებს ეხება, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, პირდაპირ და ირიბად აისახება ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ის მოწოდებები, რომლებიც პრემიერ-მინისტრის მიერ მაღალი ტრიბუნიდან გაისმა კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტზე, ის მაღალი დონის შეხვედრები, რომელთაც პრემიერ-მინისტრი აწარმოებს გლაზგოში, კიდევ ერთი ნაბიჯია წინ გლობალურ-სამართლებრივ სისტემაში და გლობალურ ურთიერთობებში საქართველოს ინტეგრაციისთვის, სადაც არის ძალიან ხელშესახები და ხელმოსაჭიდი პროცესები, რომელსაც საქართველომ მხარი უნდა აუბას და როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე იყო წარმოდგენილი მნიშვნელოვან დელეგაციასთან ერთად. წარმატება მინდა, ვუსურვო მას თქვენთან ერთად“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები