გიორგი ამილახვარი: ქუჩის პოლიტიკოსებმა უნდა გადაინაცვლონ თავიანთ ბუნებრივ ადგილსამყოფელში, უნდა დავასრულოთ პოლარიზაცია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორებმა. შესაბამისად, ქვეყანაში დესტრუქციის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

“30 ოქტომბერს, მისმა აღმატებულება ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი და საბოლოოდ უარი უთხრა წარსულში დაბრუნებას, ძალადობას, არეულობას და ხმა მისცა საქართველოს მშვიდობიან განვითარებას. შესაბამისად, გაიმარჯვა თბილისმა და გაიმარჯვა საქართველომ.

არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა და ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა და ამით პრაქტიკულად დასრულდა ის 1-წლიანი პოლიტიკური საბოტაჟი, რომელსაც დესტრუქციული ოპოზიციის ნაწილი თავის ხალხს და თავის ქვეყანას უწყობდა.

ხალხი დაიღალა ამ პოლიტიკური დღის წესრიგით, რასაც ბოლო 1 წლის განმავლობაში ხედავდა, სწორედ ამას უთხრა “არა” ამ არჩევნებზე.

ჩვენ უნდა დავანებოთ ამ საკითხებს თავი, ვაცადოთ მესამე პრეზიდენტს, წყნარად, მშვიდად, კომფორტულად მოიხადოს თავისი სასჯელი საპატიმროში.

ვისაც არ სურს, განახორციელოს ხალხის ნება, მათი ადგილი არ არის ამ დარბაზში, შესაბამისად, ქუჩის პოლიტიკოსებმა, უნდა გადაინაცვლონ თავიანთ ბუნებრივ ადგილსამყოფელში და დატოვონ ეს დარბაზი.

არ არსებობს, მეგობრებო, ორი საქართველო, არის ერთი საქართველო, სადაც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ. უნდა დავასრულოთ პოლარიზაცია და გაყოფა ამ ქვეყანაში და ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ,” – განაცხადა ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები