ბესო წერედიანი: ერთადერთი პერსპექტივა, რაც ამ საქმეს აქვს, არის ჩემი ორთვიანი დაკავება
“ხმის ავთენტურობას არ ვადასტურებ. საუბარი ამოღებულია რამდენიმე ჩანაწერიდან, შეერთებულია”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ბესო წერედიანმა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბესო წერედიანის, ასევე, ორი აქტივისტის – დავით მახარაძისა და გიორგი შერვაშიძის გამოკითხვა მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დასრულდა.
როგორც გიორგი შერვაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვების შინაარსთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.
რაც შეეხება ბესო წერედიანს, სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მან მედიას განუცხადა, რომ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას ამომწურავად გასცა პასუხები.
„კითხვები ჰქონდათ ჩანაწერებსა და ფრაზებზე. პასუხები მიიღეს ამომწურავი. ჩემი ხშირი ლოკაციის ადგილი არის პარტიის ოფისი და პრეზიდენტის ბიბლიოთეკა, იქ, სადაც მიმდინარეობს საუბარი ამ ქვეყნის მომავალზე. არანაირი გეგმა ბუნებაში არ არსებობს, ეს იყო მოსაზრებები, რომელიც გაჟღერდა. არავითარი უკანონო არ იყო. სუს-მა მითხრას, როგორ უნდა გავიგო, როდის გაიყვანენ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ციხეში? მე როგორ უნდა გავიგო, თუ ისინი ამას არ გამოაცხადებენ ტელევიზიით? იმდენად დარწმუნებულები არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და საერთაშორისო მეგობრობა, რომ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არ შეიძლება, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებიდან გამომდინარე, მე რომ ვთქვა, არ შეიძლება მისი იქ გადაყვანა, ხელი შევუშალოთ ამ პროცესს, ეს ჩემი უფლებაა, პიკეტირება, დემონსტრაციებიც, მანიფესტაციებიც და ა.შ.
ხმის ავთენტურობას არ ვადასტურებ. საუბარი ამოღებულია რამდენიმე ჩანაწერიდან, შეერთებულია. შესაბამისად, ხმისა და გადაბმის ავთენტურობა უნდა დაადასტუროს სანდო ექსპერტიზამ. საუბრის კონტექსტი რაც არის, ეს ადასტურებს ჩემს განწყობას, მაგრამ კონკრეტულად ეს საუბარი როდის იქნა ჩაწერილი, ეს ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს. გამომძიებელი მეცოდებოდა, იმდენად უხერხულ მდგომარეობაში იყო, როდესაც კითხვებს სვამდა. ერთადერთი პერსპექტივა, რაც ამ საქმეს აქვს, არის ჩემი ორთვიანი დაკავება. ერთადერთი, რასაც ხელისუფლება ჩემი დაკავებით მიიღებს, იქნება კიდევ ერთი მოშიმშილე პატიმარი, პოლიტიკური შავი ხვრელი და ის სიტუაცია, რაც ახლა ხდება რუსთავის ციხეში. თუ პრეზიდენტს გადაიყვანდნენ ციხის საავადმყოფოში, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები კონსტიტუციის გათვალისწინებული მეთოდით შევეცდებით, ამას ხელი შევუშალოთ“, – ამბობს ბესო წერედიანმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. როგორც სუს-ში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის მე-8 ან სხვა დაწესებულებაში შესაძლო ეტაპირების შემთხვევაში, იგეგმება დესტრუქციული ქმედებები, რომლის მიზანი უკონტროლო ვითარების შექმნაა. ამასთან, 29 ოქტომბერს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გამოაქვეყნეს მოსამართლის განჩინებით მოპოვებული ფარული აუდიოჩანაწერის ნაწილი, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბესო წერედიანი ფიგურირებს.