ირაკლი ზარქუა: ლევან ვარშალომიძე თუ ჩვენი კოლეგა იყო, არც ვიცოდი, რაც შეეხება ნონა მამულაშვილს, ანი წითლიძეს, არ მგონია, რომ ამ ადამიანების წასვლა პარლამენტისთვის დიდი დანაკლისი და დიდი ტრაგედია იქნება
სიმართლე გითხრათ, ლევან ვარშალომიძე თუ დეპუტატი და ჩვენი კოლეგა იყო, არც ვიცოდი, არც დადიოდა. როგორც მოსული არ გვინახავს, ალბათ, წასვლაც ჩუმად მოხდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პარლამენტის დატოვება დიდი ტრაგედია არ იქნება.
„რაც შეეხება ნონა მამულაშვილს, ანი წითლიძეს, მგონი, ამ გოგოების, ჩემი კოლეგა ქალბატონების სამუშაო ადგილი პარლამენტი რომ არ იყო, თავად ვერ გაიაზრეს. მათი მხრიდან არცერთი საკანონმდებლო ინიციატივა არ ყოფილა. ნონა მამულაშვილმა თავი დაგვამახსოვრა ჯერ სხდომათა დარბაზში საბჭოთა ჰიმნის ჩართვით, შემდეგ მაგიდაზე ავიდა, ჩამოვსვი და ამისთვის ჯვარს მაცვეს. ანი წითლიძე დადიოდა თუ არა, არც მახსოვს. არ მგონია, რომ ამ ადამიანების წასვლა პარლამენტისთვის დიდი დანაკლისი იყოს და დიდი ტრაგედია. ვისაც გარეთ თამაში, სირბილი, დაძაბულობა და ქაოსი უნდა, ესეც მათი არჩევანია“, – განაცხადა ზარქუამ.