ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციაზე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, 1-2 ნოემბერს, გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გლაზგოში გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერი გაერთიანებულ სამეფოში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

მთავრობის ხელმძღვანელი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით დღეს მიმართავს და, პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

გაერო-ს 2021 წლის კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციას (COP26) გლაზგო 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე უმასპინძლებს. მსოფლიო ლიდერთა სამიტის ფარგლებში სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები და ექსპერტები იმსჯელებენ, როგორ გააძლიერონ ძალისხმევა და კოორდინირებული ქმედებები პარიზის შეთანხმებისა და კლიმატის ცვლილებებზე გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიზნების მისაღწევად და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები