დავით ზალკალიანმა მედიაწიგნიერების კვირეულში მიიღო მონაწილეობა

2021 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა – დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით გამართულ პირველ – „მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულში”, რომელიც გაერო-ს 2021 წლის 25 მარტის შესაბამისი რეზოლუციით დაარსდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პირველმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რეზოლუციის თანაავტორი და მთავარი სპონსორია და რომ ამგვარი რეზოლუცია პირველად მიიღო გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ.

„საქართვლოს მიერ რეზოლუციის ინიციატორ მთავარ ჯგუფში ყოფნა ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნისთვის დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და მედია წიგნიერების განმტკიცების მნიშვნელობას, ასევე, მედიის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის პრიორიტეტულობას,” – აღნიშნა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში, მსოფლიოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება დეზინფორმაციისა და არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რისი შესაძლებლობაც სწორედ თანამედროვე უსაზღვრო კომუნიკაციების საშულებების შედეგად იქმნება.

„საქართველოს შემთხვევაში, დეზინფორმაციული აქტივობები ძირითადად მიმართულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ, ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევისა და ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შეფერეხებისკენ. სახელმწიფო თითოეული უწყების დონეზე, სამოქალაქო და კერძო სექტორის ჩართულობით ცდილობს, წინ აღუდგეს ამ გამოწვევას. ამის მაგალითია, მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგიები, მათ შორის, ევროკავშირსა და ნატო-ზე. ასევე,  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და მისი რეგიონული წარმომადგენლობების საქმიანობა ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე კვირეულიც ამ ძალისხმევის ნათელი მაგალითია,” – განცხადა მინისტრმა და ხაზი გაუსვა ამ კუთხით მედიაწიგნიერების გაძლიერების მნიშვნელობას.

„მიმდინარე კვირეულის მიზანია, გაერო-ს წევრ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ. აუცილებელია, რომ მოქალაქეებს თანამედროვე საინფორმაციო გარემოში ჰქონდეთ მიღებული ინფორმაციის გადამოწმებისა და სწორად შეფასების უნარ-რჩევებიამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო განაგრძობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისმედიის დამოუკიდებლობისა და პლურალიზმის დაცვის  უზრუნველყოფას,” – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

აღსანიშნავია, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 2021 წლის 25 მარტის 75-ე სესიის ფარგლებში მიღებული რეზოლუციის თანახმად, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები