Deutsche welle: უკრაინელმა მოწმემ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ამოიცნო
ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. ბოლო ასეთ პროცესზე უკრაინელმა მოწმემ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი მისი ნათესავია.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვადიმ კ. მისი ქვისლია. სამი თვის წინ ხარკოველი მოწმე აცხადებდა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირს იცნობს.
ჩვენებიდან ისიც ირკვევა, რომ უკრაინელმა მოწმემ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე თქვა, რომ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომელია.
55 წლის უკრაინელმა მოწმემ პირველად ამავე საქმეზე ჩვენება ივლისის ბოლოს მისცა. როგორც მაშინ ის აცხადებდა, დარწმუნებით ვერ იტყოდა, რომ ბრალდებული მისი ნათესავია, რადგან სულ ორჯერ ჰყავს ნანახი და ისიც – 10 წლის წინ.
სამი კვირის შემდეგ, უკრაინელმა მოწმემ გერმანულ „შპიგელთან“ თქვა, რომ სასამართლოზე იცრუა, რადგან საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ინტერვიუში მან ასევე თქვა, რომ იცნო ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული, რომ ის ნამდვილად მისი ქვისლია და, ამას გარდა, როგორც უკრაინელი მოწმე ამტკიცებს, ვადიმ კ. მასთან საუბარში მიანიშნებდა, რომ პირადად იცნობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს აგვისტოში ბერლინში მოკლეს. მკვლელი მალევე დააკავეს. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მისი ამოცნობა შეძლეს და დაადასტურეს მისი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან. ამ მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში გერმანიის მთავრობამ რუსეთი დაადანაშაულა და ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. მოსკოვში ბრალდებას უარყოფენ.