ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით განიხილა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ” და მისი თანმდევი კანონპროექტები პირველი მოსმენით – პრინციპების დონეზე განიხილა.

„საკანონმდებლო პაკეტი კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმის ერთი-ერთი კომპონენტია, რომელზეც რამდენიმე წელია ეროვნული ბანკი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები ერთობლივად მუშაობენ. პროექტი ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, მოდალურ კანონებს და გარკვეულ დირექტივებს, რომელთა ვალდებულება არ გაგვაჩნია, თუმცაღა უზრუნველყოფენ მეტ სამართლებრივ სიცხადეს და ინვესტორთა დაცულობას.

პროექტი თავისი ბუნებით არის ინფრასტრუქტურული, რეალურად იგი ემსახურება თანამედროვე სტანდარტების შემოღებას ფასიანი ქაღალდების ბაზრის კანონმდებლობაში, ქმნის ე. წ. ფლობის ჯაჭვს და იცავს ინვესტორებს. ამ შემთხვევაში ფასიანი ქაღალდებთან დაკავშირებული ვაჭრობა გახდება უფრო მოქნილი და, შესაბამისად, ლიკვიდური”, – განაცხადა კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე საუბრისას საკითხზე მომხსენებელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარების და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გურგენიძემ. საკანონმდებლო პაკეტი მოცულობითია და ძირითად კანონპროექტთან ერთად, ცვლილებები ჩვიდმეტამდე მოქმედ კანონში შედის.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კომიტეტს საკანონმდებლო პაკეტის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია და მხარს დაუჭერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები