გურამ მაჭარაშვილი: ნინო ლომჯარია ავირჩიეთ არა რომელიმე კონკრეტული პირის ან პარტიის, არამედ – საქართველოს სახალხო დამცველად

“ჩვენ ნინო ლომჯარია ავირჩიეთ არა რომელიმე კონკრეტული პირის ან პოლიტიკური ძალის სახალხო დამცველად, არამედ – საქართველოს სახალხო დამცველად. განმარტოს, რატომ არის პატიმარი სააკაშვილი სხვაზე უპირატესი”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე ნინო ლომჯარიას განცხადებას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ლომჯარიამ საზოგადოებას განუმარტოს, ყველა პატიმრის მიმართ იქნება თუ არა სახალხო დამცველის ასეთი მაღალი ინტერესი.

„ზოგადად, სახალხო დამცველი რომ ინტერესდება პატიმრის უფლებებით, ეს კარგია, მაგრამ მინდა, სახალხო დამცველმა საზოგადოებას აუხსნას, რაიმე საერთაშორისო აქტი ხომ არ არსებობს, ან საქართველოს კანონმდებლობაში რაიმე ცვლილებები ხომ არ შევიდა, რომ სახალხო დამცველს უფლება ჰქონდეს რომელიმე პატიმრის უფლებები განსაკუთრებულად მოიკითხოს და მეტიც, ამასთან დაკავშირებით, როგორც თქვენი კითხვიდან ჟღერს, ითხოვდეს კერძო კლინიკაში გადაყვანას. აუხსნას სახალხო დამცველმა განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთა ახლობლებიც იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ყველას აქვს თუ არა ამის უფლება და ყველა პატიმრის მიმართ იქნება თუ არა სახალხო დამცველის ასეთი მაღალი ინტერესი, რომ მოითხოვოს კერძო კლინიკაში გადაყვანა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია: “მონიტორინგმა ცხადყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც განისაზღვრა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ, ვერ შესრულდება ადგილზე და საჭირო იქნება, პერიოდულად მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები