თამარ გაბუნია: მე-18 დაწესებულებაში, სადაც სააკაშვილი საჭიროების შემთხვევაში განთავსდება, სამედიცინო სერვისის ხარისხი შესაფერისია ნებისმიერ სტანდარტთან
„კლინიკას აქვს სრული აღჭურვილობა იმისათვის, რომ აწარმოოს უსაფრთხო სერვისი, როგორც გადაუდებელი დახმარების, ასევე, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციული მიმართულებით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაზე საუბრისას განაცხადა, სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, საჭიროების შემთხვევაში გადაიყვანენ.
გაბუნიას თქმით, მე-18 დაწესებულებაში სამედიცინო სერვისის ხარისხი სრულიად შესაფერისია ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც მისაღებია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე, საერთაშორისო დონეზე.
„კლინიკას აქვს სრული აღჭურვილობა იმისათვის, რომ აწარმოოს უსაფრთხო სერვისი, როგორც გადაუდებელი დახმარების, ასევე, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციული მიმართულებით. ეს რეანიმაციული განყოფილება, რომელიც 2 პაციენტზე არის გათვლილი, აღჭურვილია უახლესი აპარატურით, მათ შორის, არის ხელოვნური სუნთქვის აპარატი, დეფიბრილატორი, კარდიომონიტორი, ინფუზიის აპარატი, რაც აუცილებელია ელექტროლიტური დისბალანსის შემთხვევაში სითხეებისა და ელექტროლიტების გადასხმისა და მონიტორინგისთვის. აქ არის ყველა ტექნოლოგიური პირობა იმისთვის, რომ ინტენსიური თერაპია, პაციენტზე დაკვირვება უსაფრთხოდ განხორციელდეს. ასევე, პერსონალი, რომელიც მობილიზებულია კონკრეტულად ამ განყოფილებაში სამუშაოდ, არის ძალიან გამოცდილი, უდიდესი კვალიფიკაციით. ამგვარად, ვფიქრობთ, რომ სამედიცინო სერვისის ხარისხი არის სრულიად შესაფერისი ნებისმიერ სტანდარტთან, რომელიც მისაღებია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო დონეზე. ამრიგად, ვფიქრობთ, რომ ეს განყოფილება სრულიად გამართულია იმისთვის, რომ პაციენტი მიიღოს და უმკურნალოს“, – განაცხადა გაბუნიამ.