ნინო წილოსანი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, ღასან ხალილს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ თემას სოფლის მეურნეობაში ბავშვების შრომის გამოყენების საკითხი წარმოადგენდა.

„UNICEF-ი სოფლის მეურნეობაში ბავშვების შრომის გამოყენებასთან დაკავშირებით კონკრეტული კვლევა აქვს ჩატარებული, სადაც გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ რეგიონში სასოფლო სამეურნეო სამუშაოებზე ბავშვები მასობრივად არიან ჩართული და არის გარკვეული შიში, რომ არ არის დაცული მათი მუშაობის პირობები. ჩვენმა კომიტეტმა UNICEF-ის ანგარიში და რეკომენდაციები დეტალურად განიხილა, რის შემდეგ შრომის კოდექსში სათანადოდ დარეგულირდა ბავშვების შრომის პირობები და უფლებები.

თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულებას ყურადღება და თვალყურის მიდევნება სჭირდება, მათ შორის, ისეთ მუნიციპალიტეტებში ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა შრომით პირობებთან დაკავშირებით, სადაც უფრო ინტენსიურად გამოიყენება ბავშვების შრომა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთად გააგრძელებენ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობას ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც განსაკუთრებულად შეინიშნება ბავშვების შრომის მასობრივი გამოყენება, მეორეს მხრივ გაააქტიურებენ კომუნიკაციას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, შრომის ინსპექციასთან, რათა ბავშვების შრომით პირობებს კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიენიჭოს. შეხვედრაზე ყურადღება ორგანიზმში ტყვიის მატების პრობლემატიკასაც დაეთმო. „ეს თემა ჯერ კიდევ მაშინ შევისწავლეთ, როდესაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ვხელმძღვანელობდი და შესაბამისი მოკვლევაც ჩავატარეთ, რაშიც იუნისეფ-საც დიდი წვლილი მიუძღვის. მათივე დახმარებით, ტყვიის წარმოშობის წყაროების დეტალურად მოკვლევის მიზნით, საქართველოს შესაბამისი ლაბორატორიაც გადმოეცა. ახლა შევთანხმდით, რომ პარლამენტის ფარგლებში მოსმენას ჩავატარებთ საპარლამენტო თემატური მოკვლევის შედეგად მიღებული რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელშიც აუცილებლად ჩაერთვება ასევე იუნისეფ-ი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს რეკომენდაციების აღსრულებაში”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები