თამარ გაბუნია – გოგელიას კლინიკაში მომხდარზე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ტიპის ფაქტების სამართლიანი და ობიექტური გამოძიება დროულად დასრულდეს

‘როდესაც ლიცენზია შეჩერებული აქვს სამედიცინო დაწესებულებას, სამედიცინო საქმიანობას არ უნდა ეწეოდეს, ეს არის სამართალდარღვევა. ამ შემთხვევაში, საკითხი უკვე სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია ხდება, ვიდრე – რეგულირების სააგენტოსი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გოგელიას კლინიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რეგულირების სააგენტოს, რა თქმა უნდა, მთელი რიგი მიმართულებებით მაკონტროლებლის მანდატი აქვს. როდესაც ლიცენზია შეჩერებული აქვს სამედიცინო დაწესებულებას, სამედიცინო საქმიანობას არ უნდა ეწეოდეს, ეს არის სამართალდარღვევა. ამ შემთხვევაში, საკითხი უკვე სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია ხდება, ვიდრე – რეგულირების სააგენტოსი, რადგან რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება სრულდება იქ, სადაც მან გასცა უკვე ბრძანება და მითითება, რომ კონკრეტულ დაწესებულებას უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება. აქ უკვე წყდება რეგულირების სააგენტოს კომპეტენცია და შემდეგ, რა თქმა უნდა, თუ ასეთი ფაქტი ჩვენთვის ცნობილი ხდება, რეგულირების სააგენტო სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად იძიებს ამ ფაქტს და აქვს შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაძლიერებასთან დაკავშირებით გასულ წელს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დააინიცირეს.

„რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, გასულ წელს ინიცირებული გვქონდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გაძლიერებას იმ კუთხით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მას ჰქონოდა დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა, კლინიკის ან ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების შემოწმების დროს. ჯერჯერობით, არ დასრულდა კანონის ცვლილებების პროცესი, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხს დავუბრუნდეთ. ასევე, ეს ცვლილება ითვალისწინებდა საჯარიმო სანქციების გადახედვას და მთელი რიგი მექანიზმების მეტად გაძლიერებას მარეგულირებლის ფუნქციების გაძლიერებისთვის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, გოგელიას კლინიკაში მომხდარი შემთხვევა და ზოგადად მსგავსი ფაქტები საზოგადოებაში ეჭვებს აჩენს ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

„გოგელიას კლინიკაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, როგორც კი გვექნება საბოლოო პასუხი, რა თქმა უნდა, გავასაჯაროებთ. ტესტირების პროგრამის ხარისხის მონიტორინგს და ხარისხის უზრუნველყოფას ახორციელებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი. გარდა ამისა, რეგულირების სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის სამმართველო ასევე სისტემატურად აკეთებს ხარისხის მონიტორინგის ვიზიტებს, რაც უკავშირდება ინფექციის კონტროლის ზომების დაცვასა და ტესტის ჩატარების სისწორის შეფასებას. ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი ტიპის ფაქტები ბუნებრივია, აჩენს ეჭვებს ვაქცინაციის პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ძალიან ცუდია თუკი ასეთი ფაქტები ხდება სადმე. ამდენად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ტიპის ფაქტების სამართლიანი და ობიექტური გამოძიება დროულად დასრულდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იმ პირის წინააღმდეგ, რომელიც მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველ პრეპარატს უკეთებდა, გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები