თემატური მოკვლევის „ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია – შესაძლებლობები და გამოწვევები“ ფარგლებში, სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლების მოსმენები გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აგრძელებს მუშაობას თემატურ მოკვლევაზე „ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაცია – შესაძლებლობები და გამოწვევები“. 18 და 19 ოქტომბერს, თემატური მოკვლევის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებს მოუსმინეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროკავშირის შრომის ბაზარზე ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაცია წარმოადგინეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებმა.

ამასთან, მოსმენების მონაწილეებმა განიხილეს ევროკავშირის შრომით ბაზარზე საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივები, შრომითი მიგრაციის რეგულირების ძირითადი ასპექტები, ლეგალური მიგრაციის რისკები და შესაძლებლობები. მიმოიხილეს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული სირთულეები და საფრთხეები, ასევე, პროფესიული განათლების სისტემის გაძლიერებისთვის საჭირო რესურსები.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა შრომითი მიგრაციის პროცესის ეფექტიანი ადმინისტრირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე, ასევე, მიგრანტების ლეგალური დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან შესაბამისი ორმხრივი შეთანხმებების გაფორმების მნიშვნელობაზე.

თემატური მოკვლევის ფარგლებში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სამუშაო ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლის მიზანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ლეგალური დასაქმებისთვის სწორი პოლიტიკის შემუშავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები