მეუფე მიქაელი: თავისუფლება უნდა ყველას და მომხრე ვარ, რომ ყველა ადამიანი გათავისუფლდეს, საყვარელ ოჯახებს დაუბრუნდეს, პეტიციაზე ხელის მოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს

“თავისუფლება უნდა ყველას და მე ვარ მომხრე, რომ ყველა ადამიანი გათავისუფლდეს, საყვარელ ოჯახებს დაუბრუნდეს. პეტიციაზე ხელის მოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარი არის, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მინდა სიკეთე და კარგი”, – ამის შესახებ მეუფე მიქაელმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებმა მიმტევებლობით უნდა იცხოვრონ, რადგან მხოლოდ დაჭერა კარგს არაფერს მოიტანს.

„მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე არ არის აქ საუბარი, აქ არის საუბარი ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც ელოდებიან სახლში მშობლები, დედმამიშვილები. ძალიან რთულია, გული მეტკინა, რომ მის დედას, შვილებს იმ ადგილებში მისვლა მოუწიათ, რომელ ადგილებშიც სხვა დედებიც დადიან და სხვა შვილებიც, ეს არავისთვის არ არის კარგი. ამიტომ, ჩვენ ცოტა სხვანაირად უნდა ვიცხოვროთ, მიმტევებლობით უნდა ვიცხოვროთ, მე დავაშავე შენ უნდა მომიტევო, შენ დააშავე მე უნდა მოგიტევო, მარტო დაჭერა და გამწარება არაფერს მოგვიტანს, რადგან დღეს შეიძლება, მე ვიყო პატიმარი, ხვალ-შენ. შერიგებას რა სჯობს, 100 პარტიაა და 100 ნაწილად დაიყოს საქართველო? ამერიკა გვიყვარსო და კი ბატონო, არავინ არავის არაფერს უშლის, ორად-ორი პარტიაა ამერიკაში და საქართველოში რამდენი პარტიაა? რა ჯობია ახლა იყოს ორი და სამი პარტია და უფრო ნორმალურად გადანაწილდეს ძალები თუ 120 პარტია შეიქმნას და 120 ნაწილად დაყოს საქართველო? მე არ ვარ ამის მომხრე. ერთადერთი, შემრიგებლობა, ერთიანობა ხდება ეკლესიაში, ყველა უნდა მობრძანდეთ ეკლესიაში, ნებისმიერი პარტია, უნდა დავუჯეროთ პატრიარქს, რადგან ღმერთმა ასე ბრძანა, რომ პატრიარქს დაუჯერეთ, რადგან ის არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი“, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა, მოინახულოს მიხეილ სააკაშვილი ციხეში, მეუფე მიქაელი აცხადებს, რომ დრო თუ ექნება, მოინახულებს.

„თუ მექნება დრო და საშუალება, შეიძლება, მაგრამ ახლა შეიძლება, ვერ მოვახერხო. ძალიან ბევრი პატიმარი მყავს ისედაც სანახავი. ვინც მოინახულა, ხომ მოინახულა და ნორმალურია“, – აღნიშნა მეუფე მიქაელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები