ნინო ლომჯარია: სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, ექიმთა ჯგუფი რეგულარულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ, პატიმრის პერსონალური მონაცემების დარღვევის გარეშე

ყველაზე პრობლემური ამ ეტაპზე არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მნიშვნელოვანია, რომ ობიექტური და დროული ინფორმაცია მიეწოდებოდეს საზოგადოებას მისი მდგომარეობის შესახებ, თუმცა ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არ იყოს უხეშად დარღვეული მისი პერსონალური მონაცემები, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„როგორც ვიცი, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმიც იყო ჩართული ამ მულტიდისციპლინური ჯგუფის შექმნაში. ახლა ველოდებით თავად პატიმრის თანხმობას, რომ ამ ჯგუფმა იმუშაოს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა თქმა უნდა, პატიმრის და მისი პირადი ნდობა ამ ექიმების საქმიანობის მიმართ.

მნიშვნელოვანია ის, რომ თუკი იქნება თანხმობა, ისინი რეგულარულად განახორციელებენ ჯანმრთელობის მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდიან იმ ინფორმაციას, რისი გაზიარებაც არ დაარღვევს პატიმრის პერსონალურ მონაცემებს, თუმცა იქნება ზოგადი ხასიათის, მაგრამ მნიშვნელოვანი და ობიექტური ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის დინამიკის თაობაზე“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრი პარლამენტის წევრებს, ჯანდაცვის მინისტრს და სახალხო დამცველს შეხვდა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული დაკვირვებისა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შესაბამის უწყებებს მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები