ლაშა დარსალია: ჟენევის დისკუსიების 54-ე რაუნდზეც, დევნილთა დაბრუნების თემაზე მსჯელობისას, რუსეთის დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას განცხადებით, ჟენევის მოლაპარაკებების როგორც ყველა რაუნდისას, ამ რაუნდზეც დევნილთა დაბრუნების თემაზე მსჯელობის დროს, რუსეთის დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ამ საკითხზე დისკუსიის დასრულება ვერ ხერხდება.

„როგორც ყველა წინა რაუნდის შემთხვევაში, ამჯერადაც როცა დევნილთა დაბრუნების თემაზე მივიდა მსჯელობა, რუსეთის დელეგაციის მხრიდან მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა. სამწუხაროა, რომ უკვე 54-ე რაუნდია ამ საკითხზე დისკუსიის ბოლომდე დასრულებას ვერ ვახერხებთ. რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც ვვარაუდობდით, არის მცდელობა რომ ჰუმანიტარული თემა მიებას უსაფრთხოების საკითხებს და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება პირობადაც კი იქცეს, რომ მოხდეს გარკვეული დათმობები ფუნდამენტურ პოლიტიკურ თემებზე, რაც სამწუხარო რეალობაა. აქვე ხაზი უნდა გავუსვა რომ ჩვენი პარტნიორებისა და თანათავმჯდამრეების პრინციპულმა და კონსტრუქციულმა მიდგომებმა შესაძლებელია, მოგვცეს იმის საშუალება, რომ თანდათანობით მოხდეს ამ ორი საკითხის გამიჯვნა და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრა უსაფრთხოების საკითხებისთვის მათი მიბმის გარეშე.

ეს არის სწორედ ის მაგალითი, როდესაც ხდება თემის პოლიტიზება და ჰუმანიტარული საკითხების გამოყენება ზეწოლისთვის. როდესაც პირობა დგება, რა შემთხვევაში გაუმჯობესდება ჰუმანიტარული მდგომარეობა. კონკრეტულად თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით ისინი ცდილობენ, რომ საქართველომ აღიაროს ე.წ. საზღვარი, რაც, რა თქმა უნდა, არ და ვერ იქნება. ჩვენი ამოცანა სწორედ ისაა, რომ მოხდეს თემების განცალკევება და თავისუფალ გადაადგილებაზე ვისაუბროთ, როგორც ჰუმანიტარულ თემაზე და არა პოლიტიკურ თემაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტატუს-ნეიტრალური მიდგომებით არის შესაძლებელი ამ საკითხების გადაჭრა“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ცნობისთვის, შვეიცარიაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდი გაიმართა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ჟენევაში 12 ოქტომბერს ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები