უნგრეთის ელჩმა დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
უნგრეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ანა მარია შიკომ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს ვიცეპრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რის შემდგომაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრმა უნგრელ დიპლომატს მიულოცა ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და საქართველოში სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებს და კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის კავშირები ინტენსიურად ვითარდება, რაც გამოიხატება როგორც ორმხრივი ვიზიტების ინტენსიურ დინამიკაში, ასევე, წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობაში. ამასთან, დაფიქსირდა, რომ არსებობს ურთიერთობათა კიდევ მეტად გაღრმავების პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, განათლების სფეროებში.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ამ მიმართებით, მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს პრიორიტეტები, ასევე, დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და პარტნიორთა მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე.
ელჩმა, თავის მხრივ, დაადასტურა, რომ უნგრეთი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს პრიორიტეტებისადმი.
საუბრისას უნგრელმა დიპლომატმა დააფიქსირა მზაობა, ახალ თანამდებობაზე საქმიანობისას, აქტიურად შეუწყოს ხელი საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.