საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა ლისაბონში გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღეს მონაწილეობა
ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ და პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა – ლევან ქარუმიძემ, „პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის“ ორგანიზებით, მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში: „გლობალური ევროპა და მისი აღმოსავლეთ სამეზობლო: რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი?“.
სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის როლზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, 15 დეკემბერს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოლოდინებსა და მისი მომავლის ხედვაზე, „ასოცირებული სამეულის“ საერთო ევროპულ მისწრაფებებსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრა. ამ კუთხით, მან ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, მათ შორის, პორტუგალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დღის წესრიგსა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილზე ისაუბრა.
„პორტუგალიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის“ წამყვანი მკვლევარები დისკუსიაში განხილული თემების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტს შეიმუშავებენ.
ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ასევე გაიმართა პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ დირექტორთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში, მადალენა ფიშერსა და სამინისტროს სხვა, მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
თავის მხრივ, მადალენა ფიშერი მიესალმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვასა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა გამოხატა. მან ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს წვლილზე, განსაკურებით, ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში.