ირაკლი ზარქუა – ენმ-ის დაგეგმილ აქციაზე: ვინც დაარღვევს დადგენილ ნორმებს, საჯარიმო სანქციები იქნება და მათ შესაბამისი სამსახურები მიხედავენ
“შეიკრიბებიან, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ, გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან. მათი უფლებაა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა “ნაცმოძრაობის” მიერ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას.
მისი თქმით, ვინც შეკრებისას დადგენილ ნორმებს დაარღვევს, შესაბამისი სანქციები დაეკისრება.
“შეიკრიბებიან, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ, გვაგინებენ, დაგვწყევლიან და დაიშლებიან. მათი უფლებაა. ვინც ამ ზომას გადავა და დადგენილ ნორმებს დაარღვევს, მათ მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იქნება და მათ შესაბამისი სამსახურები მიხედავენ. რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს, შეგროვდებიან და დაიშლებიან”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 14 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას გეგმავს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა პროტესტს არ უერთდება.