მამუკა ხაზარაძე: ბატონ გახარიას მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ცაგერში მის კანდიდატს მხარს დავუჭერთ
“პირადად ბატონ გახარიას მიმართ ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად, ცაგერში მის კანდიდატს ჩვენ მხარს დავუჭერთ იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იმაზე მაღლა დავდგეთ, ვიდრე პიროვნული ამბებია, რადგან პიროვნული ამბები გაირკვევა, დამალული არაფერი არ იქნება”, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
“ჩემი ამოცანა სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, 20 ივნისი და ბევრი სხვა რაღაც, ეს ვიგულისხმე. არ გეგონოთ, პიროვნულ რაღაცაზე ვსაუბრობ. მე ვლაპარაკობ ქვეყნის ყოფილ პრემიერზე, რომელთანაც ბევრი კითხვა მაქვს, როგორც მოქალაქეს და როგორც ადამიანს, რომელსაც სხვა ურთიერთობა მქონდა.
რა თქმა უნდა, არცერთი პირადი საკითხი არ არის, ეს არის ქვეყნის საკითხი ყველა. ამიტომ, ჩემი გადასახედიდან, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ და ვისწავლოთ იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე პოლიტიკაა, იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე წყენაა, რადგან ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს. მე ვენდეტას კი არ ვითხოვ, მე ვითხოვ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რა მოხდა რეალურად, ვინ როგორ იმოქმედა: სახელმწიფოებრივად თუ სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ. ეს არის ჩემი ამოცანა. მინდა, ხვალინდელ დღეზე ჩემ თანაგუნდელებთან, თქვენთან, ყველასთან ერთად, რომ ეს ქვეყანა ორიენტაცია გავაკეთო ჭაობიდან გამოვიყვანოთ. მეტი ინტერესი ნამდვილად არაფერი მაქვს.
ამ განცხადების უკან კონსულტაციები არ იდგა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვლაპარაკობ. ჩვენ გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს ცაგერში დავუჭერთ მხარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთპარტიული მმართველობა დამთავრდეს საქართველოში. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ ოცნებას გამოვართვათ მიტაცებული ხელისუფლება, რომელსაც იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.