“შიმშილობას არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ” – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროდან მორიგ წერილს ავრცელებს.
მიხეილ სააკაშვილი თანამებრძოლებსა და საზოგადოებას აქტიური ქმედებებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, 14 ოქტომბერს დაგეგმილი აქცია მრავალრიცხოვანი უნდა იყოს, რადგან გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ყოველდღიური ბრძოლით არის შესაძლებელი.
ექსპრეზიდენტი ასევე წერს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, რადგან ეს მის ხელთ არსებული ბრძოლის უკანასკნელი ინსტრუმენტია.
“უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველ დღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას უნდა ვუპასუხოთ აქტიურ ქმედებებზე გადასვლით. ისეთზე, როგორიცაა ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინების და მოსყიდვის დოკუმენტირება, აქციები კომისიებთან, სასამართლოებთან. მთავარია 14-ში, ზეგ უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიურობის გაუარესებისა მე არცერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინადაინ ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ერთ-ერთი უკანასკნელი ბრძოლის ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას მივაღწიოთ უკვე მეორე ტურამდე, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, როგორც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებებით შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის, ჩემთან მიმართებაში. 30-ში გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ 30-მდე ყოველდღიური, ყოველწუთიერი ბრძოლით და შეუპოვრობით”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილის წერილი დღეს მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გაასაჯაროვა.