მამუკა სალუქვაძე: არ გვაქვს საბინაო პოლიტიკის დოკუმენტი, არ ვიცით, რამდენი ავარიული სახლია
ბათუმის მერიის გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის, „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორის, მამუკა სალუქვაძის განცხადებით, საქართველოში არ არსებობს საბინაო პოლიტიკა და არ ხდება ავარიული სახლების ინვენტარიზაცია. როგორც ქალაქმგეგმარებელმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, დღეს ქვეყანა იმ ლიბერალიზაციის შედეგებს იმკის, რომელიც 2000-იან წლებში ნებართვებისა და კონტროლის კუთხით გატარდა.
„სამწუხაროდ, ჩვენთან მონაცემები, როგორც წესი, არ არსებობს. ჩვენ არ ვიცით, რამდენი ავარიული სახლია ზუსტად დათვლილი თბილისში, ბათუმსა თუ სხვა ქალაქში. არ ხდება ინვენტარიზაცია, მათი აღწერა, პასპორტიზაცია.
არ გვაქვს საბინაო პოლიტიკის დოკუმენტი. არ ვიცით, რა კატეგორიის საცხოვრებელს როგორ უნდა მოვექცეთ და როგორია მიდგომები, როგორ უნდა შევქმნათ მაცხოვრებლებისათვის უსაფრთხო გარემო. ეს ის პრობლემებია, რომლებმაც ახლა თავი იჩინა და მომავალშიც აუცილებლად იჩენს, თუ ამას ძირეულად არ მიეხედა.
არ ვფლობთ ზუსტ ინფორმაციას, თუ რას უნდა მოვუაროთ და არ გვაქვს მექანიზმი, თუ როგორ უნდა მოვუაროთ. ჩვენ იმას ვიწვნევთ, რაც თავის დროზე, 2000-იან წლებში მოხდა – ზედმეტი ლიბერალიზმი ნებართვებისა და კონტროლის მხრივ,“ – აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.