იტალიის საელჩო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოში იტალიის საელჩო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ საელჩოს „ტვიტერის“ გვერდზე გავრცელებულ სამძიმრის წერილშია ნათქვამი.
„ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა დაღუპული ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, იტალიის საელჩოში დროშები დღეს სანახევროდ დაშვებულია. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და დაღუპულთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ ამ ტრაგიკული დანაკლისის გამო“, – ნათქვამია საქართველოში იტალიის საელჩოს სამძიმრის წერილში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს დაახლოებით 12:00 საათზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.