სასამართლო ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობის კანონიერებაზე მსჯელობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების მიმართ შეფარდებული პატიმრობის კანონიერებაზე მსჯელობენ.
ადვოკატების განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია პროცედურა, რომ დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობის კანონიერებაზე სასამართლო ბრალდებულთა დაკავების შემდეგ მსჯელობს.
ბრალდებულ აკო ჭელიძის ადვოკატის განცხადებით, სხდომაზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.
„ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურა. კანონიდან გამომდინარე შინაარსი არის, როდესაც დაუსწრებლად შეეფარდება აღკვეთი და ბრალდებულს აკავებენ, მას აქვს თავის მონაწილეობით ამ გადაწყვეტილების გადამოწმების უფლება, კანონიერების შემოწმება“, – აღნიშნა ადვოკატმა.
ამასთან, ბრალდების მხარემ სხდომაზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვება ითხოვა.
„დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 7 ოქტომბრამდე მიმალვაში იმყოფებოდნენ. მათ 21 წლის ბიჭი სრულიად უსამართლოდ სიცოცხლეს გამოასალმეს, დღისით, ქალაქის ცენტრში და მიმალვაში იმყოფებოდნენ. აღკვეთის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს, ვინაიდან ბრალდებულები პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ, ბრალდებულები გაიქცნენ, მათ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციის თანამშრომლებს და ცდილობდნენ გაქცევას. ამასთან, ამოსაღებია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ასევე დასადგენია იმ პირთა წრე, რომლებიც ბრალდებულებს მატერიალურ, თუ ინტელექტუალურ დახმარებას უწევდნენ. არსებობს ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
ორივეს პირადად გააჩნიათ ცივი იარაღი და მადლობა ღმერთს, დაკავებისას არ გამოუყენებიათ. თქვენო ღირსებავ, 21 დღე არ გვძინებია არც მე და არც საგამოძიებო ორგანოს, ნაბიჯ-ნაბიჯ დავსდევდით და როგორც იქნა, დღეს თქვენს წინაშე არიან წარმოდგენილი“, – განაცხადა გია შაიშმელაშვილმა.
პროცესს თავად ბრალდებულები, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძეც ესწრებიან.