სალომე ზურაბიშვილი მონტენეგროს პრეზიდენტს უმასპინძლებს
ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში პირველად, თბილისს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს პრეზიდენტი – მილო ჯუკანოვიჩი ეწვია. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, მონტენეგროს პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – თემურ ჯანჯალია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი – ნათია სულავა და მონტენეგროში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი – ზაალ გოგსაძე დახვდნენ.
“მონტენეგროს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით.
საქართველოს და მონტენეგროს პრეზიდენტები შეხვედრებზე განხილული საკითხების შესახებ პრესისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში, მონტენეგროს პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრას გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, მონტენეგროს პრეზიდენტ მილო ჯუკანოვიჩის პატივსაცემად, ორბელიანების სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.