რატი იონათამიშვილი – “ნაცმოძრაობაზე” : იმ უამრავ ოჯახს, რომელთაც პირდაპირი სიმძიმე აგემეს, მათ შორის, ოჯახის წევრების დაკარგვით, დღესაც აყენებენ შეურაცხყოფას
“არა მარტო მე, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობასაც, და ეს დადასტურდა არჩევნების შედეგებითაც, საერთოდ არ აინტერესებს, რა შეფასებებს და კომენტარებს გააკეთებენ “ნაციონალურ მოძრაობის” წევრები, ვინც აუნდა იყოს მათგან წარმოდგენილი”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
რატი იონათამიშვილის განცხადებით, “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები მავნებლური რიტორიკით გამოირჩევიან და ამით იმ ადამიანებს აყენებენ შეურაცხყოფას, ვისაც მათი მმართველობის პერიოდში სისტემამ ზიანი მიაყენა.
“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ადამიანები დღემდე არ ამბობენ და პირიქით, საპირისპირო პოზიციას აფიქსირებენ, რომ ის ტოტალური დანაშაულები, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა, რაზეც საუბარია ასევე სტრასბურგის სასამართლოში და ეს ეხება “ნაციონალურ მოძრაობას” და ამ დამნაშავის სისტემის სულის ჩამდგმელს – მიხეილ სააკაშვილს, დღესაც რაღაც უმნიშვნელო შეცდომებთან აიგივებენ. ეს არის ძალიან მავნებლური რიტორიკა, რომლითაც უნდათ, რომ იმ უამრავ ოჯახს, რომელთაც პირდაპირი სიმძიმე აგემეს, მათ შორის ოჯახის წევრების დაკარგვით, დღესაც აყენებენ შეურაცხყოფას, დღესაც იგივე რიტორიკით გამოირჩევიან.
მაგრამ, რაც მთავარია, სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ბოლო ერთ თვეში 2 უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა: ერთი – ამ დანაშაულებრივი სისტემის შემოქმედი მიხეილ სააკაშვილი და მეორე – ამ დანაშაულებრივი სისტემის განმახორციელებელი და შემსრულებელი მეგის ქარდავა ერთმანეთის მიყოლებით აღმოჩნდნენ საპყრობილეში,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.