გიორგი ვაშაძე: ბრძოლა გრძელდება – მოვუწოდებ მოქალაქეებს, არჩევნების მეორე ტურში მხარი დაუჭირონ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს
“ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ვაპირებთ, რომ სერიოზული დასკვნები გამოვიტანოთ ამ უთანასწორო არჩევნებიდან, რომელშიც პოლარიზებამ თავისი როლი ითამაშა”, – ამის შესახებ “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს დაუჭირონ.
“სტრატეგია აღმაშენებელი” გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს უკეთესი განვითარებისა და წინსვლისთვის. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ 7 მუნიციპალიტეტში გვეყოლება საკრებულოში ჩვენი წარმომადგენლები, თითოეულ მათგანს დიდი მადლობა ბრძოლისთვის, სრული მხარდაჭერა. ჩვენ ვიქნებით იმ ხალხის ხმა, ვისაც დავპირდით, რომ ადგილობრივების ხმას მივიტანთ საკრებულომდე, თვითმმართველობამდე და დავიცავთ საქართველოს თითოეული მოქალაქის უფლებას. რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ჩვენ, ჩვენი კომისიის წევრებით აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას იმაში, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა დაცული იყოს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მივიდნენ არჩევნების მეორე ტურზე, მხარი დაუჭირონ ყველა კანდიდატს, რომელიც ყველა ოპოზიციურ, დამოუკიდებელ კანდიდატს, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი ამ მძიმე ვითარებაში. სამწუხაროდ, პოლარიზება და მძიმე პოლიტიკური გარემო არსად წასულა, ყველას გვმართებს პასუხისმგებლობით მუშაობა იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ დიდი უფსკრული, რომელიც ქვეყანაშია, პირველ ყოვლისა, მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას” – თქვენი განცხადებებით ნუ ახალისებთ დაპირისპირებას და კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას ქვეყანაში. საქართველოს სჭირდება ნორმალური განვითარება და ამ ნორმალურ განვითარებაში გადაწყვეტილებები ყოველთვის ხალხმა უნდა მიიღოს”, – განაცხადა ვაშაძემ.