ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე ლოგიკურად შეიძლება, მივიჩნიოთ ვერსია, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა
“ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად შემოვიდოდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ღია წერილშია ნათქვამი.
მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქვეყანაში შემოსვლის ყველაზე ლოგიკური ვერსია ხელისუფლების გადატრიალება იყო.
„ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ. ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა.
ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი.
შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება, მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა.
აქვე საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ სააკაშვილის რევოლუციური განზრახვა ყველა შემთხვევაში წარუმატებლობისთვის იყო განწირული. მისივე გეგმის მიხედვით 3 ოქტომბერს მოულოდნელადაც რომ გამოჩენილიყო რუსთაველზე, პოლიცია წყლის ჭავლის ან მაქსიმუმ, მხუთავი აირის გამოყენებით დაშლიდა მათ მაქსიმუმ 5000-კაციან შეკრებას და სააკაშვილს უმარტივესად დააკავებდა. სააკაშვილს შეიძლება აღარ ახსოვდა, რომ პრემიერი გიორგი გახარია აღარაა და დღეს სახელისუფლო გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს.
ბუნებრივად ისმის კითხვა, მაშინ რა აძლევდა სააკაშვილს წარმატების იმედს. რჩება უკმარისობის განცდა სააკაშვილის ჩამოსვლის ლოგიკური მიზეზის ძიებისას.
ვფიქრობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი საქართველოს უახლოეს ისტორიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას მათივე წარსულ გამოცდილებაში უნდა ვეძიოთ”, – ნათქვამია ღია წერილში.