შალვა პაპუაშვილი: ამომრჩევლის მიერ მოცემულ მაღალ ნდობას ჩვენ ვიღებთ, როგორც ჩვენი ადგილობრივი, ეროვნული და საგარეო პოლიტიკის მოწონებას და ამ პოლიტიკის გაგრძელების მანდატს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, თვითმმართველობის არჩვენები იყო თავისუფალი და კონკურენტული, რასაც ასევე ადასტურებს როგორც ადგილობრივი, ისე – საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებიც.
შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, რომლებმაც უკვე მერვედ მისცეს მმართველ პარტიას მაღალი ლეგიტიმაცია და განაცხადა, – „რა თქმა უნდა, ამ ნდობას ჩვენ ვიღებთ, როგორც ჩვენი ადგილობრივი, ეროვნული და საგარეო პოლიტიკის მოწონებას და ამ პოლიტიკის გაგრძელების მანდატს. ამ მანდატით გაძლიერებული ვიმეორებთ ჩვენს მიზანს, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთებისთვის“.
დეპუტატის თქმით, იმისთვის, რომ ეს არჩევნები ყოფილიყო თავისუფალი და კონკურენტული, ორი ფაქტორი იყო გადამწყვეტი – ერთი იყო გატარებული საარჩევნო რეფორმა და მეორე საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც უცხოელმა დამკვირვებლებმაც მადლობა გადაუხადეს ამ დღის ასე ორგანიზებულად ჩატარებისთვის.
„ჩვენს ამომრჩეველსა და მოსახლეობას დავპირდით, რომ ეს რეფორმა ყველა იმ რისკს ჩაკეტავდა, რომელიც, სამწუხაროდ, აღმოჩნდა 2002 წელს, როცა სპეკულირება იყო გაყალბებული არჩევნებით და არავის მისცემდა შესაძლებლობას, რომ ყოფილიყო სპეკულაცია კვლავ გაყალბებული არჩევნების ნარატივით. ჩვენ ეს სიტყვა შევასრულეთ, მათ შორის, 100-მეტრიანი რადიუსის დანაწესით, რომელიც რთული დასაცავი იყო“.
შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საარჩევნო ადმინისტრაციას გაწეული საქმიანობისთვის და საქართველოს მოსახლეობას იმისთვის, რომ ისინი იყვნენ არჩევნებზე.