„ოპოზიციას ბევრი საზეიმო სულაც არ აქვს“ – გიორგი ცუცქირიძე

‘ოპოზიციამ წააგო ეს არჩევნები, რადგან ჩაუვარდა მთავარი სლოგანი, რითაც მხარდამჭერი ამომრჩევლის მობილიზებას ახდენდა, როდესაც ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად და ვადამდელი არჩევნების წინაპირობად გამოაცხადა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გიორგი ცუცქირიძე აცხადებს.

ცუცქირიძე ადგილობრივი არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მეორე ტურში პარტიების პერსპექტივაზე საუბრობს.

„პირველი ეიფორიის შემდეგ, რაც განსაკუთრებით მსხვილ და თვითმართველ ქალაქებში მეორე ტურებს უკავშირდება, ოპოზიციას ბევრი საზეიმო სულაც არა აქვს.
დემოკრატიის პირობებში, გამოხატვის თავისუფლებისას და კონკურენტულ გარემოში ისედაც წარმოუდგენელია ერთმა პარტიამ ყველაფერი მოიგოს, ყველგან ელემენტარულად ერთნაირად ძლიერი კანდიდატები ვერ ეყოლება. ეს განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების დროს არის ცხადი. ადამიანები, განსხვავებით პარტიული სიებისაგან, პიროვნებებს აძლევენ ხმას და ეს განსაკუთრებით ჩვენნაირ პოსტაბჭოთა მემკვიდრეობის პირობებშია დამახასიათებელი.

ოპოზიციამ წააგო ეს არჩევნები, რადგან ჩაუვარდა მთავარი სლოგანი, რითაც მხარდამჭერი ამომრჩევლის მობილიზებას ახდენდა, როდესაც ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმად და ვადამდელი არჩევნების წინაპირობად გამოაცხადა.
ილუზორულია ოპოზიციის იმედები არჩევნების დაბალ ლეგიტიმაციაზეც, აშშ- ის საელჩოს და ცალკეულ კონგრესმენთა შედარებით მწვავე კრიტიკის მიუხედავად. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიების და, პირველ ყოვლისა, ეუთო/ოდირ-ის წინასწარი შეფასებითაც არჩევნებმა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩაიარა, მიუხედავად ცალკეული დარღვევებისა, რაიმე სერიოზული პრეტენზია არც პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს დაუფიქსირებიათ, ხოლო არჩევნების ორგანიზაციული მხარე, მათ შორის ცესკო-ს მუშაობა დადებითად შეფასდა. საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ოპოზიციის მხრიდან მიუხედავად მუდმივად ერთიდაიგივე ნარატივის განმეორებისა – ტოტალური დაშინების, ზეწოლის თუ ძალადობის ფაქტებზე, რისი დამადასტურებელი აუდიო ან ვიდეო ფაქტოლოგიური მასალა გარდა ცალკეული შემთხვევებისა, ჯერ არავის უნახავს.

აქედან გამომდინარე, „ნაციონალურ მოძრაობას“ სატელიტ პოლიტსუბიექტებთან ერთად, მეორე ტურში გაცილებით გაუჭირდება იმის დამტკიცება, ვადამდელამდე როგორ მიიყვანს სიტუაციას, მით უმეტეს, მთავარი მოტივატორი და რეალური ლიდერიც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სულაც ციხეში ზის და ახლა რამდენიც არ უნდა ეცადონ მის ჰეროიზაციას, ფაქტიურად განეიტრალებულია“, – აცხადებს ცუცქირიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციის წისქვილზე არც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის ნაჩვენები შედეგები დაასხამს წყალს.

„ზოგადად, ოპოზიციას მეორე ტურში, არა თუ თბილისში, დანარჩენ 19 ქალაქში, და იმ ქალაქებშიც კი საეჭვოდ აქვს სიტუაცია, სადაც პირველ ტურში ოცნების მერობის კანდიდატებზე მეტი ხმა აიღო, ეს ქუთაისსაც ეხება, ბათუმსაც, ასევე სენაკსაც და წალენჯიხასაც, სადაც სხვაობა ოცნების კანდიდატთან ძალიან მცირე 1-2 პროცენტია. ერთადერთი გამონაკლისი ზუგდიდია, სადაც სხვაობა ანზორ მელიასა და ოცნების კანდიდატ მამუკა წოწელიას შორის ხუთ პროცენტზე მეტია.
სამაგიეროდ, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ამ ქალაქების ნაწილში „ოცნების“ უპირატესობა 13 პროცენტამდეც კი ადის.

გარდა რეფერენდუმის წაგებისა, რაც წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, ოპოზიციის წისქვილზე არც გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” ნაჩვენები შედეგები დაასხამს წყალს.

პრაქტიკულად, ყველა ამ ქალაქში მესამე ადგილზე პარტიის “საქართველოსთვის” კანდიდატები არიან, რომელთა პროცენტული მაჩვენებლები გაცილებით მეტია სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატების ჯამურ მაჩვენებელზეც კი. თვითმართველ ქალაქებში 6.8 პროცენტიდან -15 პროცენტამდეა, ხოლო თუნდაც ზუგდიდში 11 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.
მართალია, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს არც „ნაციონალების“ და არც „ოცნების“ მხარდაჭერას მეორე ტურში, მაგრამ მისი ამომრჩევლის დიდი ნაწილის ხმები, მათი პოლიტიკური მრწამსიდან გამომდინარე, კრიტიკულ სიტუაციაში ისევ „ოცნების“ მხარეს უფრო წავა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიუღებლობის გამო.

ამიტომ, დიდი ალბათობითაც მეორე ტურს “ქართული ოცნება” პრაქტიკულად ამ ქალაქების აბსოლიტურ უმრავლესობაში მოიგებს, მათ შორის ბუნებრივია, თბილისსაც. გარდა იმისა, რომ კახი კალაძე, 45 პროცენტით, მელიას მთელი 11 პროცენტით უსწრებს, რისი ამოქაჩვაც ძალიან გაუჭირდებათ ერთიანი ოპოზიციური ხმების შემთხვევაშიც, რადგან თავად გახარიამ 9 პროცენტი აიღო, რასაც, სავარაუდოდ, მეორე ტურში, ყველა ამ ქალაქში „ოცნების“ მხრიდან მობილიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებელიც დაემატება.
“ქართულმა ოცნებამ” თბილისთან ერთად მოიგო რეგიონული საკრებულოების უმრავლესობაც, გარდა ზუგდიდისა, სადაც უმრავლესობა „ნაციონალებმა“ მოიპოვეს. საეჭვოა, კოალიციური უმრავლესობის ფორმირება „ოცნებას“ იმ საკრებულოებშიც კი გაუჭირდეს, სადაც უმრავლესობა შეიძლება არ ჰქონდეს, რადგან არა მგონია კონკრეტულ საკითხზე თუნდაც თემატური თანამშრომლობა იგივე გახარიას პარტიასთან ვერ შედგეს და საქმე კრიზისებამდე მივიდეს.
რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით „ნაციონალების“ ორბიტაზე მბრუნავ სუბიექტებს, თუნდაც „ლელოს“, „გირჩს“, თუ ჯუნიორ და სინიორ ვაშაძეების „მესამე ძალას“, მათი ფიასკო ისედაც მოსალოდნელი იყო, მათი ელექტორატის დიდი ნაწილის „ნაციონალური მოძრაობის“, ნაწილის კი გახარიას პარტიის მიერ, შესრუტვის გამო.
ეს არის სხვის თამაშში შესვლის წამგებიანი სტრატეგია, რომელიც აგებულია რა ქვეყნის ეკონომიკის და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის იმიტირებულ ქრონიკებზე, საერთოდ გვერდს უვლის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, პანდემიური და პოსტპანდემიური პერიოდის გამოწვევებს და მხოლოდ ნეგატივის და უპერსპექტივობის დამზაფრელ რეფრენზეა აგებული, ამას იმსახურებდენ და შედეგიც სახეზეა.
ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც შედეგი დადო, ეს გახარიას პარტია “საქართველოსთვის” უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად თავად „ოცნების“ ყოფილი პრემიერმინისტრის პოზიციონირების სადაო ხასიათისა, რაც სხვა დროსაც აღმინიშნავს, პირველ რიგში ,“ოცნებასთან“ დაპირისპირების მწვავე ხასიათიდან გამომდინარე.
მიმაჩნია, რომ მთავარი გამოცდა მისთვის სწორედ ახლა იწყება, რაც საკრებულოების მუშაობაშიც გამოჩნდება. პრეტენზია მესამე პოლიტიკურ პოლუსზე სხვებსაც ჰქონიათ, თუმცა ვერ განხორციელდა ბევრი იბიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების გამო“, – წერს ცუცქირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები