„ქართველმა ხალხმა დესტრუქციას პასუხი გასცა“ – შაკო კუჭაშვილი არჩევნების შედეგებზე

“ქართველმა ხალხმა დესტრუქციას პასუხი გასცა”, – ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებზე საუბრისას სამოქალაქო მოძრაობა “წინსვლას” დამფუძნებელმა, შაკო კუჭაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კუჭაშვილის თქმით, „წინსვლას“ წარმომადგენლები არჩევნებს აკვირდებოდნენ.

„ახალგაზრდული მოძრაობა „წინსვლა“, როგორც ყოველთვის, არჩევნების დღეს ძალიან ცხელ პერიმეტრზე ვიყავით. ცხელ პერიმეტრს ეძახდნენ, მაგრამ ზოგიერთს, ცხადია, მოლოდინი გაუცრუვდა, რამეთუ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ექსცესებისა და სიტუაციის ესკალაციის გარეშე ჩატარდა. ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც დესტრუქციული ძალების აქტიურობა იყო, რომელ უბნებზეც ჩაშლის მცდელობები შეინიშნებოდა და ა.შ. ვცდილობდით, უზრუნველგვეყო ის, რომ არჩევნები შედარებით მშვიდ გარემოში ჩატარებულიყო. ეს არჩევნები გამოირჩეოდა იმით, რომ თითქმის ვერსად ვნახავდით კოორდინატორებს, როგორც ადრე ხდებოდა. ეს პრაქტიკაც დასრულდა. ეს არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმაც კარგად შეაფასეს. გლდანში ორი ინციდენტი იყო. ორივე დესტრუქციული ძალის ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ იყო გამოწვეული. არჩევნების დღეს, როგორც წესი, კანდიდატი შტაბში უნდა იყოს, ოქმებსა და მის შედეგებს ელოდებოდეს. ამ დროს ელენე ხოშტარია უბნებზე დადიოდა, ეს აგიტაციაც ითვლება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გლდანში ხმის მისაცემად ვერსად მივიდოდა იმიტომ, რომ ვაკელია და გლდანის რაიონთან არანაირი შეხება არ ჰქონდა“, – განაცხადა კუჭაშვილმა.

მისივე თქმით, უბნებზე არ დაწერილა რაიმე ისეთი საჩივარი, რომლითაც შეიძლება, არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭქვეშ დადგეს.

„იყო ტერიტორიები, უბნები სადაც პოლიტიკურად ანგაჟირებული და საეჭვო წარსული მქონე ადამიანები იმყოფებოდნენ. ეს ხდებოდა, მაგალითად, 84-ე უბანზე, სადაც ირაკლი ეძგვერაძის, ე.წ. ჭყიპინას საძმაკაცო ისევ აქტიურობდა. „ჭყიპინა“ არის ადამიანი, რომელიც ადამიანის სხეულის განზრახ დაზიანებისთვისაა ნასამართლევი, ის „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა , ასევე, დღემდე ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მეოთხე ნომერია. ის არაერთგზის მხილებულია სხვადასხვა დანაშაულში, რაც არჩევნების დღეს მოქალაქეების თავისუფალი ნებისთვის ხელშეშლას უკავშირდება.
უბნებზე არ დაწერილა რაიმე ისეთი საჩივარი, რითაც შეიძლება, არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭქვეშ დადგეს.
ახალგაზრდებს სასიამოვნოდ გვიკვირის ის ფაქტი, რომ აგერ უკვე მეცხრე წელია, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და კვლავ 47 % აიღო. ამით ქართველმა ხალხმა დესტრუქციას გასცა პასუხი.
მეორე ტური დემოკრატიის მანიშნებელია. დარწმუნებული, ვარ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მეორე ტურს ღირსეულად მოიგებენ.
არ უნდა დავიჯეროთ ის, რომ „ქართული ოცნება“ უშეცდომო ხელისუფლებაა, მაგრამ გვყავს ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის რეალური გამოწვევისგან ძალიან შორსაა, ცდილობს, ქვეყანა ვერაგ წარსულში დააბრუნოს”, – განაცხადა კუჭაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები